ნაძალადევის რაიონში, ნოდარ ახალკაცის სახელობის სტადიონზე მინი-ფეხბურთის ტურნირის, „თბილისის ზღვის თასის“ ფინალური მატჩი ჩატარდა. გამარჯვებულები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნაძალადევის გამგებელ ზაზა გაბუნიასთან ერთად დააჯილდოვა.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს „ჯი ეს ჯი“ ტურნირის თასი და ფულადი ჯილდო გადაეცა. გუნდი მომდევნო წელს შესარჩევი თამაშის გარეშე მიიღებს ტურნირში მონაწილეობას. ფულადი ჯილდო მიიღეს მე-2 და მე-3 ადგილზე გასულმა გუნდებმაც. დაასახელეს სხვადასხვა ფლანგზე ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები.
დავით ნარმანიამ გუნდებს გამარჯვება მიულოცა და ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ასეთი თამაშები ყველა რაიონში უნდა ჩატარდეს, რომ მომავალ თაობას სტიმული მიეცეს. ჩვენ ვაწყობთ სათამაშო მოედნებს, ყველანაირ პირობებს ვუქმნით ახალგაზრდებს, იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიტვირთონ სპორტით",-განაცხადა თბილისის მერმა.
„თბილისის ზღვის თასი“ ნაძალადევის რაიონის პროექტია და წელს პირველად ჩატარდა. მომავალ წელს კი ტურნირის მთელი ქალაქის მასშტაბით ჩატარება იგეგმება.
„თბილისის ზღვის თასის“ ფარგლებში მატჩები ნაძალადევის რაიონის უბნების სტადიონებზე 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირში ნაძალადევის რაიონის 4 უბნის 32 გუნდი მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები






