შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გრიგოლ ხ. თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, გრიგოლ ხ-ს პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 0,0146 გრ ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „სტეჩკინის“ კონსტრუქციის, არარეგისტრირებული პისტოლეტი 1 მჭიდითა და 21 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ გრიგოლ ხ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 273-ე მუხლით).
მასალის გამოყენების პირობები