გარდაცვლილი ჯარისკაცის ახლობლები სამხედრო ნაწილის ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი ეჭვობენ, რომ მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს.
როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, ჯარისკაცს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა.
„გამორიცხულია, მას თავი მოეკლა. ეს არის სისულელე. იძახიან მძინარეს იარაღი გაუვარდაო. კაი ვთქვათ ასე იყო, რომ დაინახეს რომ დაიჭრა, სად იყო იმ დროს პერსონალი? სისხლისგან რომ დაიცალა, მერე გადაიყვანეს საავადმყოფოში? როგორც გავიგე, როდესაც საავადმყოფოში გადაიყვანეს უკვე გარდაცვლილი იყო“ - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.
მანანა აკოფიას თქმით, გარდაცვალებამდე მისი მეუღლე ძმას ესაუბრა.
„ყურძენი იყიდეთ და დავწუროთო, უთქვამს ძმისთვის. არც აღელვება და არც რაიმე სახის უხასიათობა არ შეგვინიშნავს’- განაცხადა ჯარისკაცის მეუღლემ, რომელიც აცხადებს, რომ მისი მეუღლე გამოცდილი ჯარისკაცი იყო და მას იარაღი დაუდევრობით არ გაუვარდებოდა.
„წუთში შლიდა და აწყობდა იარაღს, გუშინდელი ჯარისკაცი არ იყო. არ მჯერა თვითმკვლელობის’- დასძინა თამაზ თამარაშვილის ცოლმა.
ჯარისკაცის თვითმკვლელობის არ სჯერა დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის რწმუნებულს და გარდაცვლილის მეგობარს ზურაბ ბეკურიშვილს.
„ოჯახზე გადაყოლილი, წყნარი ბიჭი იყო. ყველას გვიყვარდა. არც მტყერი ყოლია, არასდროს უთქვამს ჯარში თავს ცუდად ვგრძნობო. 100 მეთაურს უთქვამს, შემთხვევიდან 10 წუთში უკვე საავადმყოფოში იყოო, თუმცა თამაზს ვერაფერს აგებინებდნენ, გონება უკვე დაკარგული ჰქონია“- აღნიშნა სოფლის რწმუნებულმა.
მისი თქმით, გარდაცვლილი სასმელს ვერ იტანდა.
„გამოვრიცხავ, რომ სამხედრო ნაწილში ხელმისაწვდომი იყოს ალკოჰოლი. თამაზი იშვიათად სვამდა, რადგან ალკოჰოლს ცუდად იტანდა“ - აღნიშნა სოფლის რწმუნებულმა.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ თამარაშვილი გუშინ გარდაიცვალა. ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
უწყება მომხდარზე დამატებით კომენტარს გამოძიების დასრულებამდე არ აპირებს.
„ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგ გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას“- უთხრეს „ნიუპოსტს“ თინა ხიდაშელის უწყებაში.
თამაზ თამარაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






