1-ლ ოქტომბერს, ლანჩხუთში მომხდარმა ავტოკატასტროფამ ლანჩხუთის "გურიის" ფეხბურთელი, მეკარე 25 წლის მიხეილ გოგუაძე იმსხვერპლა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მსგავსი საზარელი ავტოავარია არ უნახავთ - ნაწვიმარი ტრასიდან ასხლეტილი მანქანა ბეტონს ისეთი სისწრაფით შეეჯახა, რომ ჰაერში დაახლოებით 7 მეტრის სიმაღლზე, ელექტროსადენებთან ავარდა და შემდეგ ისევ მიწაზე დაენარცხა. ამ დროს მიშა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და კიდევ რამდენიმე საათს იცოცხლა, - იბრძოლა სიცოცხლისთვის, მაგრამ...
გიორგი ჩხაიძე, მიხეილ გოგუაძის მეგობარი და მწვრთნელი:
- საშინელება გვჭირს. დილით თბილისიდან ახალადდაბრუნებული ვიყავი და მეუღლემ მითხრა, მგონი, მიშა ავარიაში მოჰყვა და წადიო; გულგახეთქილი გავიქეცი,
ალბათ ხელი ან ფეხი მოიტეხა-მეთქი, -ამას ვდარდობდი, ის კიდევ თურმე რა საშინელ დღეში ყოფილა. ვინც ეს ავარია დაინახა, ის ხალხი ამბობს, - შოკში ვიყავით, ცაში ავარდნილი მანქანა რომ დავინახეთო. როგორც კი მანქანა მიწაზე დაეცა, მივიდნენ დასახმარებლად, ამბობენ, ბიჭი თავისი მძღოლის სავარძლიანად უკვე უკანა სკამების ადგილზე იყო გადანაცვლებულიო, აი, რა ძლიერი იყო, რომ ამ საშინელ დაცემას გაუძლო და კიდევ ცოცხალი იყო. ერთმა ჩვენებურმა ექიმმა შემთხვევით ჩაიარა, მიშას პირველი დახმარება მან აღმოუჩინა. მიშა საოცარი ბიჭი იყო, ძმობაც საოცარი იცოდა და ფეხბურთშიც წინ მიდიოდა. ისე მოხდა, რომ მე თამაშს ადრე დავანებე თავი და მისი მწვრთნელი გავხდი. ძალიან მიჭირს მისი სიკვდილის დაჯერება. როცა ქუთაისში გადაიყვანეს, მეც გავყევი. იქ მალევე გარდაიცვალა, ეს საშინელება მე მითხრა ექიმმა, მაგრამ მამამისს ვერაფერი ვუთხარი, ვერ გავუბედე. გვერდით ვეჯექი და შევყურებდი, როცა გაიგებს, ცუდადად არ გახდეს, რაღაცით მაინც უნდა დავეხმარო-მეთქი.
- რაიმე წინათგრძნობა ხომ არ ჰქონდა?
- მამამისი ოდნავ რომ დაწყნარდა, სწორედ ეს ვკითხე და - არაო, - მითხრა; მაგრამ ჩვენი ერთი ახლობლისთვის უთქვამს, გზაზე ისეთი ავარია მოხდა, იქ გავლის მაშინიაო. წინა დღეებში, იმავე ადგილზე "ჯიპი" და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ ერთმანეთს, ისე, რომ ელექტრობოძებიც მოთხარეს. საშინელი კატასტროფა იყო. მიშაც ამ ადგილზე დაიღუპა, - რომ ეჩქარებოდა, ალბათ მოსახვევში სწრაფად გაიარა და ნაწვიმარსა და წინა ავარიისას დაქცეულ საწვავზე აცურდა მანქანა.
წყარო: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






