2 დღეში, 2 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე, ბორჯღალოსნები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ახალ ზელანდიას, სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ‘მილენიუმ სთედიუმზე’, ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან.
ამ მატჩისთვის მზადებას გუნდი მას შემდეგ შეუდგა, რაც პარასკევს ნიუპორტში, კარდიფთან ახლოს დაბინავდა. ბიჭებმა პიველი ორი დღე აღდგენასა და ვიდეო ანალიზს დაუთმეს, გუშინწინ კი პლანეტის ყველაზე ძლიერი გუნდის დასაპირისპირებლად პირველი ვარჯიში გამართეს.
დავით კაჭარავა, საქართველოს ნაკრების შუამარბი:
"ახალი ზელანდიის ნაკრებთან სათამაშოდ მაქსიმალური მონდომებით ვემზადებით. კარგია, რომ ტრავმები არ გვაქვს და ყველა მწყობრშია.
„ცხადია, ‘ოლ ბლექსის’ წინააღმდეგ თამაში ყველა მორაგბის ოცნებაა. ყველა მოხარული იქნება, თუ მსოფლიოს უძლიერეს გუნდთან ასპარეზობა მოუწევს.
ვფიქრობ, კარგი სანახავი მატჩი იქნება. ახალ ზელანდიას ბურთი თუ დაუთმე, კარგს ვერაფერს მიიღებ. ამიტომ ვეცდებით, ხელდახელ ბურთაობით შევუტიოთ".
გიორგი ნემსაძე, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი:
"მარტივად რომ ვთქვათ, ახალი ზელანდიის ნაკრები არის 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებული. მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილზეა და მსოფლიოში საუკეთესო ნაკრებია. აი, ასეთ გუნდთან გვიწევს თამაში.
„ჩვენი ნაკრების შანსზე რა უნდა ვთქვა. გავალთ და რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ. იმედია, მატჩი ისეთი შედეგით არ დამთავრდება, რომ გული დაგვწყდეს."
რას ელოდება ამ მატჩისგან ახალზელანდიელი სემ ქეინი:
„მოლოდინები გუნდში ინდივიდუალურია. ზოგიერთი ძალიან თავდაჯერებულია, ზოგმა კი იცის რომ ამ მატჩში დიდი ძალის დახარჯვა მოუწევს, ასე, რომ ამ თამაშზე ბევრს ვფიქრობთ. პირადად მე ოპონენტის თამაშს თვალს ვადევნებ, რადგანაც არსებობს ისეთი საკითხები, რაც მათ შესახებ უნდა ვიცოდე. ვფიქრობ, ისინი ძალიან ეცდებიან თავის წარმოჩენას. ბორჯღალოსნებს საკმაოდ ძლიერი და უხეში მორკინალები ჰყავთ. უყვართ მოლი, შერკინება და „აიღე და მიეძალე“ სტილის თამაში, ასე, რომ მათგან ძლიერ შეტევას ველი.“
კაპიტნის ვარჯიში
დღეს, საქართველოს დროით 15:30 სთ-ზე, ბორჯღალოსნებმა კარდიფის "მილენიუმზე" კაპიტნის ვარჯიში გამართეს. "ოლ ბლექსთან" მატჩი 2 ოქტომბერსაა და წესით, კაპიტნის ვარჯიში წინა დღით უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რადგან 1-ელ ოქტომბერს "მილენიუმზე" უელსის და ფიჯის ეროვნული გუნდების მატჩია დანიშნული, ოთხივე გუნდი კაპიტნის ვარჯიშს დღეს გამართავს. ვაჯიშის ფოტოებს მოგვიანებით საქართველოს რაგბის კავშირის სოც-მედიის პლატფორმებზე შემოგთავაზებთ: Facebook, Twitter, Instagram, YouTube.
შეგახსენებთ, რომ ისევე, როგორც მსოფლიო თასის დანარჩენ მატჩებს ბორჯღალოსანთა ‘ც’ ჯგუფის მესამე შეხხვედრასაც პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.
ახალი შემადგენლობით ‘ოლ ბლექსის’ წინააღმდეგ
ისტორიულ მატჩამდე 48 საათზე უფრო ადრე მილტონ ჰეიგი სამატჩო შემადგენლობას აცხადებს. ბორჯღალოსანთა 23 კაციანი რაზმი ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი: ბექა წიკლაური, გიორგი აფციაური, დავით კაჭარავა, თამაზ მჭედლიძე, სანდრო თოდუა, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ბეგაძე.
შერკინება: კახა ასიეშვილი, შალვა მამუკაშვილი, ლევან ჩილაჩავა, ლევან დათუნაშვილი, გიორგი ჩხაიძე, შალვა სუთიაშვილი. მამუკა გორგოძე (კაპიტანი), ლაშა ლომიძე.
მარქაფა: მურაზ გიორგაძე, მერაბ შარიქაძე, ვასილ ლობჟანიძე, სიმონ მაისურაძე, მიხეილ ნარიაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, კოტე მიქაუტაძე, ვიტო კოლელიშვილი.
წყარო site.rugby.ge
მასალის გამოყენების პირობები






