საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, ავტომობილში ჩაყენებული აირის შემოწმება 1 აპრილამდე ყველამ უნდა გაიაროს. ამ პერიოდის შემდეგ, ვინც ტექდათვალიერების სპეციალურ საბუთს ვერ წარადგენს, 100 ლარით დაჯარიმდება.
სპეციალური ნიშნის არმქონე მანქანებს კი გაზგასამართ სადგურზე დატუმბვის უფლებას არ მისცემენ.
ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონტროლს ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილი პირი ახდენს. ის ამოწმებს აქვს თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალებას აირბალონის ან/და აირბალონიანი მოწყობილობის შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი არქონის შემთხვევაში, კი სისტემების შემოწმებას თავად ახდენს.
ცვლილებებს მძღოლების პროტესტი უკვე მოჰყვა. მათთვის სანქციები და დაჯარიმების ფორმა მიუღებელია.
მათი თქმით, არავის აუხსნია კონკრეტულად რა სანქციები განისაზღვრება კანონდამრღვევებისთვის.
„როგორც ამბობენ, რეგულაციები იქნება მკაცრი და ათასობით მოქალაქისთვის შეიძლება, მძიმე ტვირთადაც იქცეს. მით უფრო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ფულის მახეა, როგორც ტექდათვალიერება“- აცხადებენ მძღოლები, რომლებსაც ავტომობილში გაზი აქვთ ჩამონტაჟებული.
„ნიუპოსტი“ დაინტერესდა, რა ვალდებულებას იღებენ მძღოლები და რამდენად დაიცავს მათ ინტერესებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინიციატივას" ინფორმაციით, აირბალონების და აირბალონიანი სისტემის ტექნიკური შემოწმება უნდა განხორციელდეს შემდეგი პერიოდულობით: ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება - 3 წელიწადში ერთხელ; ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება - 5 წელიწადში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა, მისი შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ. სიახელეა ისიც, რომ სავალდებულო ხდება აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმებაც, რაც ასევე ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს.
„უცნაურია ის ფაქტი, რომ მთავრობამ აღნიშნული დადგენილება დაამტკიცა 2015 წლის 25 აგვისტოს, თუმცა ჯერ ამ საკითხის შესახებ საჯარო განცხადება არ გაკეთებულა. არ მიმდინარეობს ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების მომხმარებლების ინფორმირებულობა, თუ რა მიზნებს ემსახურება აღნიშნული რეგულაცია. ჩვენი ინფორმაციით, ჯერ არ არსებობს სპეციალური ლაბორატორიებით აღჭურვილი აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული ინსპეკტირების ცენტრები, სადაც უნდა მოხდეს ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების ტექნიკური შემოწმება.
ბუნდოვანია, რეალურად, რომელი შესაბამისი ლაბორატორიებით აღჭურვილი აკრედიტირებული ტექნიკური ცენტრები მოიაზრება აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად, იქნება თუ არა საკმარისი რაოდენობის და ხომ არ მივიღებთ დაუსრულებელ რიგებს. რომელი რეგლამენტის თანახმად დარეგულირდება ეს ყველაფერი, რა ეღირება ტექნიკური შემოწმების გავლა, როგორ მოხდება ამ ყველაფრის აღსრულება საპატრულო პოლიციის მიერ და რა სანქციები/ჯარიმები იქნება დაწესებული იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელების მიმართ, ვინც განსაზღვრულ ვადაში არ გაივლის ტექნიკურ შემოწმებას. რა ბედი ეწევა იმ ავტომობილებს, რომლებიც კუსტარულადაა გადაყვანილი ბუნებრივ აირზე და არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს. რამდენად არის აღმოფხვრილი კორუფციის რისკები. ამ და სხვა კითხვებზე პასუხები კვლავ არ არსებობს“ - განუცხადა „ნიუპოსტს“ „საზოგადოებრივი ინიციატივის“ წარმომადგენელმა ვასო ურუშაძემ.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე კი აცხადებს, რომ მთავრობის დადგენილება საქართველოს ათასობით მოქალაქეს ჯარიმებით ემუქრება, თანაც ისე, რომ ხალხი საქმის კურსში არ ჩააყენეს და მოსალოდნელ რეგულაციაზე წარმოდგენაც არ აქვს.
"საზოგადოებისთვის, მათ შორის, სატრანსპორტო დარგის სპეციალისტებისთვის, მოულოდნელად ახალი დოკუმენტი გაჩნდა, რომელიც მრავალმხრივ არის საეჭვო და დასაფიქრებელი. ეს არის აირბალონიანი ავტომობილების შემოწმება (და არა ტექდათვალიერება). ახალი ცვლილებით, უნდა დაიწყოს მათი დოკუმენტების შემოწმება, ვინც სატრანსპორტო საშუალებებში აირბალონი დაამონტაჟა. ეს მაშინ, როცა ჯერ მონაცემებიც არ არსებობს, თუ რამდენი მანქანაა ბუნებრივ აირზე გადაყვანილი. ხალხი საქმის კურსში არ ჩააყენეს და მოულოდნელად ახალი ჯარიმებით ემუქრებიან. ერთი შეხედვით, კეთილშობილური განზრახვა ამოძრავებთ, მაგრამ მეორე მხრივ, რაღაც გაურკვევლობაა. ცხადია, შემოწმება უნდა მოახდინოს აკრედიტაციის შესაბამისმა ორგანომ, მაგრამ კონკრეტულად ვინ, უცნობია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ათასობით მოქალაქის საზიანოდ, ფულისკეთების საამქრო აამუშავეს" - აცხადებს ოგბაიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, გაზზე მომუშავე მანქანების დათვალიერება, მინიმუმ, 60 ლარი ეღირება. სწორედ ამიტომ საკრებულოს ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მოსახლეობას ეს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვება.
აღსანიშნავია, ისიც რომ მთავრობამ ეს დადგენილება ისე მიიღო, რომ გაზზე მომუშავე ავტომანქანების მძღოლები საქმის კურსში არავის ჩაუყენებია.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






