ქალაქ ოზურგეთში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ამჟამინდელი მესაკუთრის ქმედება, რაც ტყვიის ჩამოსხმის მცდელობაში გამოიხატება, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის პრoტესტს იწვევს. ადგილობრივები უკანონოდ წარმოებულ სამუშაოებზე საუბრობენ, რაც მათი სიცოცხლსთვის საფრთხის შემცველია. საუბარია დაავადებათა გავრცელების მაღალ რისკებზეც.
ინდურმა კომპანიამ თავისი არალეგალური საქმიანობა გასულ წელს ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ყოფილი მანქანათმშენებლი ქარხნის შენობაში დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, ადგილზე უცხოელ ინვესტორებს პლასტმასების გადამუშავება უნდა ეწარმოებინათ, რაც მგვიანებით, ტყვიისა და გაფუჭებული აკუმულატორების დამუშავებით შეიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, აკრძალულ საქმიანობას, ისინი ძირითადად ღამის საათებში ახორციელებდნენ.
როგორც მოსახლეობა ამბობს, შუაღამეს მათ აუტანელი სუნი აწუხებთ, რის გამოც ფანჯრის გაღებასაც ვერ ახერხებენ. ადგილობრივების თქმით, ოზურგეთის მერია მათ დახმარებას დაჰპირდა, თუმცა მათი ინფორმაციით დაპირება არ შესრულდა.
საკითხის შესწავლაში ჩართული იყო პარლამენტის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე და სპეციალური კომისიის წევრები, რომლებმაც შემდგომ ჟურნალისტები ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულეს.
მათივე დასკვნაში ვკითხულოთ, რომ სოფელ ლიხაურში მსგავსი არაფერი ხდება. სოფლის არასწორად მითითება ვის ინტერესში შედიოდა ეს ჯერ გაურკვეველია. მსგავსი მიდგომებიდან გამომდინარე კი, დღემდე კომპანია მოგებაზე უპრობლემოდ მუშაობს, მოსახლეობა კი, შერყეულ ჯანმრთელობასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.
დამოუკიდებელი ჟურნალისტი გოჩა ჭანიშვილი, რომელიც აღნიშნული საქმით დიდიხანია დაინტერესებულია, აცხადებს, რომ კომპანია არალეგალურ საქმიანობას ეწევა, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე ეკოლოგიასაც.
„ღამის საათებში მიმდინარეობს ვადაგასული აკუმულიატორების გადამუშავება, ტყვიის გადადნობა და ბუნებრივია, მისი გამონაბოლქვი სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც ცოცხალ ორგანიზმს, ასევე ეკოლოგიასაც. ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა თხოვნით პარლამენტს, რომ შეესწავლათ, თუ რა ხდებოდა აღნიშნულ საწარმოში. ჩამოვიდა ოზურგეთში ბირთვული უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლობა და მოხდა სასწაული, დაიწერა დასკნა, რომელიც აბსოლუტურად ყალბია, არ შეესაბამება სინამდვილეს. აქტში ხაზგასმით წერია, რომ სოფელ ლიხაურში ინდური კომპანიის მიერ მსგავსი სამუშაოები არ მიმდინარეობს. ისიც იყო აღნიშნული, რომ ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. აქ ძალიან დიდი გაუგებრობა მოხდა, როგორ შეიძლება ლიხაურზე იყოს საუბარი, როცა ქარხანა ექადიაზე მდებარეობს, კომისიამ კი შესწავლა სულ სხვა ტერიტორიაზე აწარმოა“, - აცხადებს ჭანიშვილი.
„გურიის მოამბე“ აღნიშნულ საკითხზე მხარის გუბერნატორს, გია სალუქვაძეს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, საკითხი დღის წესრიგში დგას, მიმდინარეობს ანალიზების აღება და იმ შემთხვევაში თუ კანონდარღვევა დაფიქსირდა, გადაწყვეტილება მყისიერად, კანონის დაცვით იქნება მიღებული.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






