ღონისძიების ფარგლებში 300 არაგველის სკვერში პარაკლისი გადაიხადეს, აკურთხეს პური და ღვინო და 300 არაგველის ხსოვნის უკვდავსაყოფად წლების განმავლობაში ჩამქრალი მარადიული ცეცხლი აანთეს.
გარდა ამისა, აღნიშნულ ადგილზე კრწანისის რაიონის გამგეობის ინიციატივით, დამუშავდა პროექტი და დაიწყო ისტორიული გალავნის რეაბილიტაცია და რესტავრაცია. მომდევნო წელს კი პარკის მთლიანად კეთილმოწყობა იგეგმება.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა კრწანისობის დღესასწაული. ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებიც ამ ადგილას იბრძოდნენ და სისხლის უკანასკნელი წვეთი დაღვარეს. მნიშვნელოვანია ის, რომ 2003 წელს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით აღდგა და იკურთხა პური და ღვინო, როგორც ერთ-ერთი ნიშანი აქ მებრძოლი ადამიანების სახელის ხსოვნისა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით და წლების განმავლობაში ჩამქრალი ცეცხლი სწორედ დღეს აინთება აქ პირველად, სიძლიერისა და აქ მებრძოლი ადამიანების სახელისა და ხსოვნის უკვდავსაყოფად“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
„ეს არის 300 არაგველის დაღუპვის ადგილი, ჩვენ მას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. უკვე დავიწყეთ ისტორიული გალავნის რეაბილიტაცია და რესტავრაცია, გაისად პარკი მთლიანად კეთილმოეწყობა“, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ 2008 წელს არაგველები წმინდანებად შეირაცხნენ, ხოლო 2010 წელს სრულიად საგვარეულო კავშირმა ამ დღეს "კრწანისობის" დღესასწაული დააწესა.
მასალის გამოყენების პირობები






