სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიგორის რაიონის სოფელ შინდისში, იმ ტერიტორიაზე ჩაბრძანდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ეკლესია და ტერიტორია აკურთხა, მან ასევე სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. სიტყვით წარსდგნენ მეუფე ანდრია და ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც.
"მიუხედავად იმ გაჭირვებისა, რომელიც თქვენ გამოიარეთ, არ უნდა დაკარგოთ იმედი, არ უნდა დაკარგოთ რწმენა და სიყვარული. ღმერთმა ინებოს, რომ მალე განთლიანდეს საქართველო, მალე დაბრუნდეს ჩვენი მიწა-წყალი და ის მწუხარება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, სიხარულად გადაიქცეს",- ბრძანა უწმინდესმა.
ღონისძიებას დაესწრნენ წმინდა სინოდის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი მთავრობა, დაღუპული გმირების ოჯახების წევრები და ახლობლები.
„ჩვენ ორი წლის წინ დავიწყეთ , პატრიარქის ლოცვა კურთხევით ამ ტაძრის მშენებლობა. დღეს უკვე დასრულებულია, დარჩენილია კიდევ პატარ-პატარა სამუშაოები, რომლებიც უახლოეს დღეებში იქნება დასრულებული. დღეს, აქ, პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა 2008 წლის ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ბიჭებისთვის. ეს ტაძარი ამ ბიჭების ხსოვნას ეძღვნება, გარდაცვლილების მოსაგონებლად იქნა აშენებული“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.
პროექტ „შინდისის გმირების" ავტორი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია. პროექტის ფარგლებში, საქველმოქმედო ფონდ „კალას“ დაფინანსებით აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და გადაღებულია დოკუმენტური ფილმი - „შინდისის გმირები". 17 გმირის სახელზე აიგო ბრინჯაოს მონუმენტი.
მასალის გამოყენების პირობები






