თხილის სეზონის დაწყებასთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მიერ მოსახლეობაზე თავდასხმები გახშირდა.
დაახლოებით ერთი საათის წინ, ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოფელ ჭუბურხინჯში რუსი ოკუპანტები და აფხაზი სეპარატისტები რამდენიმე ოჯახს თავს დაესხენ.
როგორც "ნიუპოსტს" აფხაზეთიდან აცნობეს, ისინი ორი ჯავშანტრანსპორტით და ერთი კამაზის ტიპის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
თავდამსხმელებმა ოჯახებიდან ტონობით თხილის მარაგი, ზამთრისთვის შენახული პროდუქტი და საყოფაცხოვრებო ნივთები გაიტაცეს.
რუსი ოკუპანტებისთვის და აფხაზი სეპარატისტებისთვის ადგილობრივ მოსახლეობას წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, რის შემდეგაც ოკუპანტები გალის მიმართულებით გაემგზავრნენ.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მსგავსი ფაქტი ხშირად ხდება. თავდასხმებს ადგილობრივი ადმინისტრაციის მხრიდან ყურადღება არ ექცევა, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ვინაობა ადგილობრივი სამართალდამცავებისთვისაც ცნობილია. დაზარალებულები კი შესაბამის უწყებებში საჩივარის შეტანას ვერ ბედავენ.
მასალის გამოყენების პირობები