საქართველოს საპატრიარქო ღვთისშობლის კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, ზუგდიდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით მისი უწმინდესობა და ზოგადად, ეკლესია ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებას მხარს ვერ დაუჭერს.
"ქ.ზუგდიდიდან ღვთისშობლის კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბუნდოვანი სიტუაცია შეიქმნა მას შემდეგ, რაც ხობის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები შეხვდნენ მის უწმინდესობას ყაზბეგში და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი თანახმა იყო, ეს სიწმინდე ერთი დღით დაბრძანებულიყო ხობის მონასტერში; მაგრამ არ ითქვა იმ პირობის შესახებ, რომ პროცესს არ უნდა მოჰყოლოდა შფოთი და დაპირისპირება.
მათი ნათქვამის მიხედვით, იქმნებოდა შთაბეჭდილება იმისა, რომ ეს თემა ყველა დონეზე იყო შეთანხმებული და პრობლემები არ შეიქმნებოდა, მაგრამ დღეს ზუგდიდში განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო სურათი წარმოაჩინა.
ბუნებრივია, მისი უწმინდესობაც და ზოგადად, ეკლესიაც ასეთ ვითარებაში მხარს ვერ დაუჭერს ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებას, რაც საქართველოს საპატრიარქოს 14 სექტემბრის განცხადებაშიც გარკვევით იყო დაფიქსირებული.
შევნიშნავთ იმასაც, რომ, რადგან ეს სიწმინდე დაცულია მუზეუმში, სახელმწიფოს მიერ და ეკლესია მასზე პატრონაჟს ვერ ანხორციელებს, თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს ხელისუფლებამაც, მითუმეტეს, რომ თავიდან თანხმობა მათი მხრიდან იქნა გაცემული", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ დღეს ზუგდიდში მარიამ ღვთისმშობლის შობის სახელობის მშენებარე ტაძრის ტერიტორიაზე 500-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც ზუგდიდიდან ხობში ღვთისმშობლის კვართის გადატანა გააპროტესტეს. მათი თქმით სიწმინდე არ შეიძლება ქალაქ-ქალაქ ატარონ, რადგან უსაფრთხოების ზომები სათანადოდ ვერ იქნება დაცული. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა გათვალისწინებული არ იქნება ზუგდიდში საპროტესტო აქციები დაიწყება.
მათ პატრიარქს თხოვნით მიმართეს, რომ აღნიშნული პროცესში ჩაერიოს და ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდში დარჩეს.
მასალის გამოყენების პირობები






