19 სექტემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს გამართავს ტონგას ეროვნულ გუნდთან. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილთონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობა დაასახელა:
პირველ ხაზში ჰეიგმა მიხეილ ნარიაშვილს, ჯაბა ბრეგვაძესა და დავით ზირაქაშვილს უხმო. მეორე ხაზში შერკინებას კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე გაამაგრებენ. მესამე ხაზში კი ფლანკერებად გიორგი თხილაიშვილსა და ვიქტორ კოლელიშვილს ვიხილავთ. კაპიტანი მამუკა გორგოძე 8 ნომერზე ითამაშებს.
18 წლის ვასილ ლობჟანიძეზე მსოფლიო თასის ვებ-გვერდზე და სხვა და სხვა გამოცემებში ბევრი დაწერილა და თქმულა და მოლოდინისამებრ იგი ნამდვილად შევა მსოფლიო თასების ისტორიაში, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინაიდან სასტარტო 15-ეულში მას 9 ნომრის პოზიციაზე ვიხილავთ. ხაზში ჰავბექად ლაშა მალაღურაძე გაირჯება, ცენტრში დავით კაჭარავასა და მერაბ შარიქაძის დუეტია, ხოლო გარემარბებად გიორგი აფციაური და თამაზ მჭედლიძე დაიწყებენ ტონგელთა წინააღმდეგ მატჩს. ფულბეკი კი ბორჯღალოსნების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, 85 სანაკრებო კეპ მოხვეჭილი, მერაბ კვირიკაშვილი იქნება.
„პატივი გვაქვს მსოფლიო თასზე პირველად, დავასახელოთ ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი, რომლითაც ტონგას დავუპირსპირდებით. სელექცია, რომელიც ბოლო დროინდელი შეკრებებისა და საკონტროლო მატჩების დროს მიმდინარეობდა, ძალზე რთული იყო. მიმაჩნია, რომ საკმაოდ გამოცდილი გუნდი დავასახელეთ, შესაბამისად, დარწმუნებულნი ვართ, რომ მათი თამაშით ყველა ვიამაყებთ.“ განაცხადა მილთონ ჰეიგმა.
პირველი მატჩის განაცხადში, ტრავმების გამო, ვერ მოხვდნენ ლაშა ხმალაძე და ალექსანდრე თოდუა. ნაკლებად სერიოზული ტრავმა აქვს დავით ქუბრიაშვილს.
წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
მასალის გამოყენების პირობები






