ამის შესახებ მხატვარმა „ნიუპოსტთან“ თავად ისაუბრა.
უჯმაჯურიძის თქმით, გამომდინარე მისი მძიმე საცხოვრებელი პირობებიდან და სიდუხჭირიდან, ის წლებია ირიცხებოდა სოციალურად შეჭირვებულთა ბაზაში, ახლა კი მისთვის გაურკვეველია რა მიზეზით მოეხსნა დახმარება. ასევე გაუგებარია მისთვის, თუ რატომ გადაამოწმეს მარტოხელა პენსიონერი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ორჯერ.
როგორც თავად გვეუბნება, რამდენიმე თვით ადრე, დედის გარდაცვალების შემდეგ, ის სოციალური სააგენტოდან გადაამოწმეს და ფულადი დახმარება ისევ გაუგრძელეს, თუმცა 2 თვის წინ ხელახალ გადამოწმებაზე აგენტების მისვლის შემდეგ ფულადი შემწეობა მოუხსნეს:
„არსებობენ ადამანები, რომლებიც ფიქრობენ, რაც შეიძლება მეტი საფიქრალი მქონდეს და ტკივილს განვიცდიდე. არ ვიცი, ჩემს მიმართ დევნაა თუ რა ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემებში ვარ სულ. შეძენით არაფერი შემიძენია, ან რა უნდა მეყიდა, თავის გადატანას ძვლივს ვახერხებ, ჩემი მძიმე პირობების შესახებ ყველამ ყველაფერი იცის ოზურგეთში, მაგრამ მაინც არ არის ჩემი საშველი. შუქის ფული გადავიხადე და ალბათ ეს გახდა მთავარი გადამწყვეტი, დახმარების მოსახსნელად“ - ამბობს მხატვარი.
უჯმაჯურიძე ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე ერთ-ერთ ჩიხში ერთსართულიან სახლში ცხოვრობს. იმის გამო, რომ ნორმალური საცხოვრებელი პირობები არ გააჩნია, მის ნახატებს განადგურების საშიშროება ემუქრება, ამის გამო, ქალბატონ მარინას არაერთხელ მიუმართავს ხელისუფლებისთვის, თუმცა ამბობს, რომ მისი პრობლემის მოსაგვარებლად ჯერ თავი არავის შეუწუხებია:
"ნახატებს, იმის გამო, რომ მათი დასაწყობი ადგილი არ მაქვს სახლში და ფაქტიურად ღია ცის ქვეშ მილაგია, განადგურება ემუქრება. არც სამუშაო პირობები მაქვს, ხელი მეშლება, რომ რაიმე ახალი შევქმნა. არავინ არ მაქცევს ყურადღებას და ახლა ეს პრობლემაც დამემატა"-გვითხრა მხატვარმა.
თუ რა გახდა მისთვის ფულადი შემწეობის მოხსნის მიზეზი, არის თუ არ ეს კავშირში იმ პოლიტიკასთან, როცა ბოლო წლებში მარტოხელა პენსიონერებს მასიურად შეუჩერდათ და მოეხსნათ ფულადი დახმარება, ამის შესახებს „ნიუპოსტის“ რეგიონალური ჟურნალისტი სოციალური სააგენტოს გურიის სერვისცენტრის მენეჯერს ვასილ ხომერიკს ესაუბრა:
"თუ რა მიზეზით მოეხსნა დახმარება ქალბატონ მარინას, მომართვის შემთხვევაში ამას ავუხსნით პირადად მას. ქულების დათვლა ხდება დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების მიხედვით და არანაირი სხვა პოლიტიკა არ არსებობს გარდა იმისა, რის უფლებასაც გვანიჭებს კანონი" - გვითხრა ხომერიკმა.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






