გორი საერთაშორისო სკანდალის მოლოდინშია. ამის შესახებ "ნიუპოსტს" სტალინის საზოგადოების წევრმა ალეკო ლურსმანაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით თუ 2 ოქტომბერს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ძეგლის სახლმუზეუმის ეზოში დადგმის გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყება და მასში მონაწილეობას მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანებიც მიიღებენ.
„ვიმედოვნებ, რომ დეპუტატები ჩვენთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა თუ ეს ასე არ მოხდა დაიწყება მასშტაბური საპროტესტო აქციები რომელშიც მონაწილეობასაც ქართველებთან ერთად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებიც მიიღებენ. ეს იქნება დიდი საერთაშორისო სკანდალი", -აცხადებს ლურსმანაშვილი.
"ნიუპოსტი" გორის მერს, ზურაბ ჯირკველიშვილსაც ესაუბრა. როგორც ქალაქის პირველი პირი აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ საკრებულო ძეგლის ქალაქში დაბრუნებას გადაწყვეტს ის გადაწყვეტილებას აღასრულებს და ძეგლს დააბრუნებს.
როგორც ცნობილია, გორის საკრებულოს დეპუტატთა ერთი ნაწილი ძეგლის დადგმის წინააღმდეგია, მეორე კი - მომხრე. სტალინის ბრინჯაოს მონუმენტი უკვე მეხუთე წელია ქალაქ გარეთ მიტოვებულ შენობაში პირქვედამხობილი ინახება.
მასალის გამოყენების პირობები






