ამორტიზირებულ და დანგრეულ გზას ჩოხატაურის მუნიციაპლიტეტის სოფელ მეწიეთამდე მივყავართ, რომელიც ცენტრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს. ერთ დროს ასკომლიანი სოფელი, თითქმის დაცლილია. სახლების უმრავლესობა მიტოვებული და დანგრეულია. არ არის მაღაზია და აფთიაქი. სოფელს ცივილიზაციასთან მხოლოდ ელექტროენერგია აკავშირებს. სოფლის გზა ისეა დაზიანებული, რომ ზამთარში აქ გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი. „ნიუპოსტის“ პირველი რესპოდენტი ლამარა ლომთათიძეა. მისი სამი შვილიდან სოფელში არც ერთი არ ცხოვრობს.
„იძახდა ჭკუასელი (ჩოხატაურის მაჟორიტარ-დეპუტატი პარლამენტში) ოღონდ დავდგეთ და მერე აქ სამოთხე იქნებაო, დადგენ და მისთვის მოაწყვენ სამოთხე. გზა არ გვაქვს ვინ გაჩერდება აქ ზამთარში? ამ მხარეს მხოლოდ ერთი ოჯახი დავრჩი, მხოლოდ ზაფხულობით ვარ აქ, არ მინდა ქალაქში შვილებთან წასვლა, მაგრამ როგორ ვიცხოვრო მარტომ? იძახდნენ ასე ვიზამთ, ისე ვიზამთ და აფერი. ყველა დაპირება წყალში ჩაყარეს“.
„ნიუპოსტის“ ადგილობრივი კორესპონდენტი სოფლის ცენტრში, სადაც ოდესღაც მაღაზია იყო, ადგილობრივ მკვიდრს ავთანდილ ლომთათიძეს შეხვდა. მისი თქმით, სოფელში დარჩენილი მოსახლეობა თავს პენსიით ირჩენს:
„რა უნდა ქნას იმ სოფელმა რომელსაც პერსპექტივა არ გაჩნია? ამ თემით რატომ არავინ არ ინტერესდება? გზა საერთოდ არ გვაქვს, პატარა მანქანები ახლა ვერ ამოდის და ზამთარში როგორ ამოვა? დაიწყეს ბეტონის გზის გაკეთება და მიატიეს ბოლოში. მოსახვევი უბედურ დღეშია, გავლა შეუძლებელია. ახალგაზდები წავიდნენ სოფლიდან, რომ დაბრუნდნენ, გზაც არ აქვთ სახლამდე რომ მივიდნენ. ჯერ უწყლობა იყო ჩვენი მთავარი პრობლემა და როგორც იქნა მოგვარდა, ამ გზის საკითხს არაფერი არ ეშველა. სოფლის პროგრამის ფარგლებში ცემენტის გზა გააკეთეს ათი მეტრი, მეტს არ ეყო თანხაო. სამი მეტრი რომ დაემატებინათ, ის მონაკვეთი გაკეთებული იქნებოდა. მომავალ წელს გავაგრძელებთო, ასეთი ტემპით თუ აგრძელეს, ამის გაკეთებას დასჭირდება ოცი წელი. ყანა აღარ გვაქვს, რაც იყო გახმა. ძალიან უჭირს ხალხს, არავინ არ გვაქცევს ყურადღებას”.
ადგილობრივი მკივიდრი ომარ კალანდაძე იმ დროს იხსენებს, როცა მეწიეთში ხალხმრავლობა იყო. სოფელში საყანე ფართობებიც ჰქონდათ და შემოსავალიც. ადგილობრივების თქმით, სოფელი მეწიეთი, ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა არჩევნები მოდის.
„ძალიან რთულ პირობებში ვცხოვრობთ, ჩვენი სოფელი მთაგორიანია და არ გვაქს საყანე ფართობები. თხილი აქვს ცოტა ამ ხალხს და ამით გაგვაქვს თავი. სხვა რაიმე შემოსავალი ჩვენს სოფელში არაა. ყურძენი იყო და გაფუჭდა, ბოსტანი მზემ დააჭკნო და დარჩენილი ვართ პენსიის იმედზე, რომ პური ვიყიდოთ. საცოდავ პერიოდში ვართ, არავის არ ადარდებს სოფლის ამბავი. ამას ცხოვრება არ ქვია? სოფელში ყველაფერი პრობლემაა და ხელისუფლებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ადამიანებს, რომ სოფელი შეინარჩუნონ. რა პრობლემაცა ყველგან ანალოგიურია აქაც. ჩვენ სოფელში 60 ჰექტარი საყანე ფართობი იყო, ახლა ერთი ჰექტარიც არ იქნება. ერთი მთავრობა, რომ მიდის და ახალი მთავრობა მოდის, იმან უნდა მოიტანოს სიახლე ქვეყანაში და ეს უნდა დაეტყოს სოფელსაც, ამათ ვეფერი ვერ ქნეს. ვართ ისევ იმ ჭაობში, რომელშიც ვიყავით და ვერ ამოვედით. მდგომარეობა შეუცვლელია ისევ. სოფელი, სადაც არანაირი საცხოვრებელი პირობები არაა და არც შემოსავალი, იქ არსებობა შეუძლებელია“, - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი, ომარ კალანდაძე.
სოფელში ახალგაზრდობა მამა-პაპისეულ სახლს მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობს. ამიტომ, გამოკეტილი ან დანგრეული სახლი აქ ბევრია. სოფელი აქ დარჩენილი მოხუცების იმედად ჯერ კიდევ არსებობს. ადგილობრივები ძირითადად მებოსტნეობით და მესაქონლეობით არიან დაკავებულები:
„ზაფხულში კარგია სოფელი და ჩამოდის ხალხი, მაგრამ ზამთარში აქ ძნელია ცხოვრება. სოფელი მხოლოდ ზაფხულში ხომ არ იქნება. იცით რა არის? მარტო მეწიეთს კი არა, საერთოდ ყველა მაღალმთიან სოფელს უნდა ექცეოდეს უფრო მეტი ყურადღება. როდესაც უკეთესი საარსებო პირობები იქნება და სამუშაო, არ წავა ხალხი. ვისაც პენსია არ აქვს, რომ არ წავიდეს, აქ რით ირჩინოს თავი? ეს თხილი იმდენი არაა, მთელი წელი ირჩინო თავი. ყველა ხელისუფლება, რომელიც მოდის გვპირდება აშენებას და მერე ყველას ავიწყდება დაპირება. ივანიშვილმა მისი ხალხიც გადააგდო, რამდენია ისეთი, მას რომ უჭერდა მხარს და ახლა ოპოზიციაშია“- აცხადებენ ადგილობრივები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ სოფელ მეწიეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხით იმ მონაკვეთში ჩატარდა, რაც პროექტით იყო გაწერილი.
„სოფელ მეწიეთში შესრულდა ის სამუშაოები, რომელიც პროექტით იყო წარმოდგენილი, ანუ 120 კვ. გზის მონაკვეთზე დაიგო ბეტონის გზა, რომლისთვისაც 5 ათასი 560 ლარი დაიხარჯა. მომდევნო წელს შეკეთდება დანარჩენილი გზის ნაწილი.“ - გვითხრა კუჭავა.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






