წლების მანძილზე, ერთადერთი, რისი "მოწესრიგებაც" ოზურგეთის წყალმომარაგების კომპანიამ მომხმარებლებლისთვის შეძლო, ზღვრული ტარიფის დაწესებაა, რის მიხედვითაც გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ზღვრულ ტარიფად (ზედა ზღვარად) თითო სულზე 2,03 ლარი განისაზღვრა.
დღეის მონაცემებით, ოზურგეთის წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალურ მონაცემებში ვკითხულობთ, რომ ოზურგეთის მოსახლეობის 75%-ს წყალი მიეწოდება გრაფიკით, ანუ დღეში 8 საათით, დანარჩენ 25#-ს კი, 24 საათის განმავლობაში, საინტერესო კი ის არის, რომ 8 საათიანი წყალმომარაგების მქონე მომხმარებლებსაც ერთ სულზე ახდევინებენ ზღვრულ ტარიფს, ანუ 2,03 ლარს. 8 საათიანსა და 24 საათიანს შორის კი სხვაობა 16 საათია, ეს ნიშნავს, ამდენივე საათით კომპანიისთვის შემცირებულ ხარჯებს და მომხმარებელთა ხარჯზე დაგროვილ ათეულობით ათას ლარს.
ამას იურისტებიც და არასამთავრობო ორგანიზაციაც წყლის მომხმარებელთა უფლებების დაცვისადმი საზოგადოებრივი დამცველის გულგრილობად ხსნიან: "ეს მომხმარებელთა უფლებების უხეში დარღვევაა, ერთი და იმავე ტარიფის განსაზღვრა წყლის გრაფიკითა და 24 სათიანი მომხმარებლებისათვის. ეს არის მოსახლეობის ყვლეფა, რომ მონოპოლისტებმა ყოველთვიურად მაღალი, ათი ათასზე ზემოთ ხელფასები მიიღონ.
მომხმარებელთა უფლებების დარღვევად თვლიან იმასაც, რომ მიმდინარე წლის მთელი ზაფხულის განმავლობაში ისინი ინფორმაციასაც ვერ ფლობდნენ იმ გრაფიკთან დაკავშირებით, თუ რომელ საათებში მოხდებოდა მათთვის წყლის მიწოდება.
კვირის უმეტეს დღეებში შუადღის პირველი, ან ორი საათიდან, საღამოს 7-მდე წყლის შეწყვეტილი მიწოდების მიუხედავად, წყალზე მრიცხველის მქონე აბონენტები ბოლო თვეებში გაზრდილ გადასახადებსაც უჩივიან: ‘წყალი დღის განმავლობაში ფაქტიურად არ მოვეწოდება, გადასახადი კი ყოველთვიურად უფრო მაღალი მომდის, მაგალითად თუ ივნისის თვეში იყო 16 ლარი, ივლისში დაფიქსირდა 21. მომდევნო თვეში კიდევ უფრო მაღალი და ა.შ. ხომ გვიჩნდება კითხვა-მაშინ, როცა არ გვაქვს წყალი, საიდან ირიცხება მრიცხველზე მოხმარებული წყლის მეტი რაოდენობა“?
არის საუბარი იმაზეც, რომ მაგალითად, აღმაშენებლის ქუჩაზე ჩიხში მცხოვრებ ოჯახებს წყალკანალიდან განუცხადეს, რომ საკუთარ ეზოებამდე წყალი მათ თავად, საკუთარი ხარჯებით უნდა მიეყვანათ.
ითვალისწინებს თუ არა პროექტი, რომლის მიხედვითაც ხდება მთავარ სათავე ნაგებობასა და რამდენიმე ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და რომლის განხორციელებაც დღემდე მიმდინარეობს, ჩიხებში მცხოვრებლებზე კონკრეტული გამონაკლისის დაშვებას, რამდენად ლოგიკურად უჩივიან აბონენტები მომატებულ გადასახადებს და უნდა იცოდნენ თუ არა მომხმარებლებმა დადგენილი გრაფიკის შესახებ, ამ კითხვებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელს დავით ცერცვაძეს დავუკავშირდით.
ცერცვაძემ კითხვებს არ უპასუხა და განსხვავებით სხვა შემთხვევისა, პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. თუ რატომ აღარ პასუხობს სერვისცენტრის ხელმძღვანელი ჟურნალისტების კითხვებს პირველად ბოლო წლების განმავლობაში, მან ასევე უპასუხოდ დატოვა.
ცერცვაძისგან განსხვავებით, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ "ნიუპოსტთან" ვრცელი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოზურგეთის ყველა აბონენტი მალე წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს, რადგან მთავარი სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია მოხდა და ყველა ხელშემშლელი ფაქტორი, რაც ამ დრომდე პრობლემას ქმნიდა წყლის მიწოდებაზე, აღმოფხვრილია:
"სრულად გარემონტდა მთავარი სათავე ნაგებობა და ოზურგეთელებს წყალი ექნება არა გრაფიკით, არამედ 24 საათი. ბოლო დროს წყლის მიწოდებაზე არსებულ შეფერხებას რაც შეხება, ეს გამომდინარეობს სარემონტო სამუშაოებიდან, თუმცა არ ყოფილა ისე, რომ მთელი დღის განმავლობაში წყალი არ ჩართულიყოს. იყო ძალიან ცუდი გრაფიკი, რასაც გვალვებმაც შეუწყო ხელი, თუმცა ახალი მაგისტრალიდან უკვე შესულია ყველა ოჯახში წყალი და სისტემაც მალე გამართულად დაიწყებს მუშაობას.
რაც შეეხება ჩიხის აბონენტებს, მე აქამდე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობდი, ამას გადავამოწმებ. არა მგონია ასე იყოს, ეს ხომ მომხმარებელთა უფლებების დარღვევაა. ყველა უნდა ჩააყენონ თანაბარ მდგომარეობაში. მე ამას მოვიკითხავ“ - გვითხრა გუბერნატორმა.

თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






