თბილისში კიდევ ერთმა ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თსუ-ის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი ზუკა კოკაია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდიდან გადახტა.
„კვირის პალიტრას“ ზუკას მეგობარი ლიკა კაჭარავა ესაუბრა.
„წერილში კი წერს, ჯესიკას ბრალი არ არისო, მაგრამ მისი ცუდად ყოფნის მიზეზი შეყვარებულთან დაშორება იყო. დიდხანს იყვნენ ერთად და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. შეყვარებულთან შესარიგებლად წავიდა ქობულეთში, მაგრამ შერიგების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა...
5 წლის წინ ზუკა კოკაიას მეგობარმა, ახალგაზრდა პოეტმა ბაჩო აბრალავამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მას ძალიან უყვარდა გალაკტიონი და ჰბაძავდა კიდეც. ალბათ, ამის გავლენაც იყო, რომ მასავით ფანჯრიდან "გაფრინდა".
თემურ შენგელია, ბაჩოს და ზუკას მეგობარი: - ერთ ქალაქში ვცხოვრობდით. ზუგდიდი პატარაა და იქ ყველა ერთმანეთს იცნობს. ზუკა ბაჩოსგან გავიცანი. მათ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, განუყრელები იყვნენ... ბაჩო პირველი იყო ჩვენს სამეგობროში, რომელმაც დაგვანახა, რას ნიშნავს, როდესაც მეგობარს კარგავ. ის უნივერსიტეტის მეხუთე სართულიდან გადმოხტა...
- რა გახდა ამის მიზეზი?
- ერთდროულად ბევრი რამ... ბაჩო პოეტი იყო. პირველ კურსზე ვიყავით, ეს რომ გააკეთა. გვქონდა გეგმები, სწავლის, წინსვლის, ცხოვრების, მაგრამ... ბაჩოს ამ გადაწყვეტილებას ერთი კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია... პოეტები ბევრად ემოციურად, ზოგჯერ ბავშვურად და მძაფრად აღიქვამენ ყველაფერს. ბაჩოს კი არ უყვარდა, გიჟდებოდა გალაკტიონზე, ჰბაძავდა და მასავით დაასრულა სიცოცხლე.
ბაჩოზე დიდი ტკივილით წერს ზუკა...
- ზუკა ჩვენზე პატარაა. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლობდა. სულ ერთად ვიყავით. როდესაც ბაჩომ უნივერსიტეტში ჩააბარა, ზუკა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო და მის გარეშე ძალიან გაუჭირდა. იმდენად ცუდად იყო, თავი უნდა მოვიკლაო, ამბობდა... იქაური მეგობრები, რა თქმა უნდა, ჰყავდა, მაგრამ ბაჩოს გარეშე უჭირდა. 4 წლის იყო ზუკა, ქუჩაში ძაღლმა შეაშინა და თმა გასცვივდა. მას შემდეგ ქუდით დადიოდა, რაზეც ბაჩო სულ ეჩხუბებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მოიხადა ქუდი... როდესაც ზუკამაც ჩააბარა, თითქოს ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ, რადგან ისევ ერთად ვიყავით. ბაჩოს წასვლის შემდეგ ვერ აგიხსნით, რა ცუდად იყო ზუკა, მაგრამ გვეგონა, როგორღაც გადაიტანა. ერთი პერიოდი აქტიურად ცხოვრობდა, მან-სან-კანში თამაშობდა, "თქვენს შოუსა" და "სხვა კონცერტშიც" მონაწილეობდა, "მაიტა ნასოსი 2"-ში იღებდნენ... 5 წელი გავიდა ბაჩოს გარდაცვალებიდან, მაგრამ ვხვდებოდით, რომ დრომ მონატრება გაუმძაფრა. გულით უზარმაზარ დარდს ატარებდა, მაგრამ მის გვერდით ვერ მოიწყენდი, სულ მხიარულობდა. ასეთი ადამიანები საკუთარ თავთან მარტო რომ რჩებიან, სხვანაირები ხდებიან. იმ საბედისწერო წერილში ზუკა ბაჩოს გარდაცვალებაში საკუთარ თავს ადანაშაულებს - მაშინ ვერ გიძმაკაცეო. მეც მის დღეში ვარ ახლა - ალბათ, ვერ შევძელი, მისთვის გამეგო. მათ თითქოს ერთნაირი ბედისწერა დაჰყვათ...
წყარო: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






