„მოვითხოვთ, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური, რადგან ეს სისტემა ართმევს ახალგაზრდებს ცხოვრების 1 წელს, ვერ აძლიერებს ჯარს და შესაბამისად ვერც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და რაც მთავარია, იქცა კორუფციის, ნეპოტიზმისა და გაჭირვებულთა ჩაგვრის წყაროდ.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართული სახელმწიფო, ყოველწლიურად, ათასობით ახალგაზრდას აიძულებს საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, სრული ერთი წელიწადი, დახარჯოს ისე, როგორც ამას გადაწყვეტს სახელმწიფო ბიუროკრატია. ყოველი ოთხი მათგანიდან, მხოლოდ ერთი ხვდება სამხედრო სამსახურში. დანარჩენები კი ნაწილდებიან შსს-ს, დაცვის პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უფასო მუშახელის სახით.
სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის დასაღწევად, წვევამდელების დიდი ნაწილი ხელახლა, მხოლოდ ფორმალურად ხდება სტუდენტი. ახალგაზრდებს ან მათ ოჯახებს უწევთ 2 ათასი ლარის გადახდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებისთვის, იყენებენ თვითდაზიანებებს, გარბიან ქვეყნიდან ან ეძებენ ახლობლებს, რომლებიც გადავადებაში ან ჯარის უკეთესი პირობებით მოხდაში დაეხმარებიან. გაწვევის სისტემა კორუფციის და მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვის მანქანად იქცა, რის შედეგადაც ძირითადად იწვევენ ყველაზე გაჭირვებულ და დაუცველ ახალგაზრდებს, რომლებმაც ვერ შეძლეს გადავადების თანხის გადახდა, ვერ იპოვეს ახლობელი, რომელიც პრობლემას მოუგვარებდა და ვერ მოახერხეს ქვეყნიდან გაქცევა.
საქართველომ განვითარებული ქვეყნების გზა უნდა აირჩიოს. საკუთარი უსაფრთხოება თანამედროვე თავდაცვის სისტემებითა და პროფესიონალური არმიის გაძლიერებით უნდა უზრუნველვყოთ.“- აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.
მათ ვინც პეტიციაში გამოთქმულ მოსაზრებას ეთანხმება, პეტიციაზე ხელმოწერა ბმულზე პეტიცია სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მოთხოვნით
მასალის გამოყენების პირობები






