„გაზპრომმა“ სომხეთისთვის გაზის საფასურის 13%-ით შემცირების შემდეგ ირანსა და საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის გარანტია მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს. საუბარია სომხეთში, რუსულ ელექტროგიგანტის საკუთრებაში მყოფ რაზდანის თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის ექსპორტზე.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა და მისმა სომეხმა კოლეგამ ერვანდ ზახარიანმა გაზთან დაკავშირებით 2013 წელს გაფორმებულ სამთავრობოთაშორის შეთანხმებაში ცვლილებების შესახებ პროტოკოლს მოაწერეს ხელი . პროტოკოლის თანახმად, გაზის საბაზისო ღირებულება 189 დოლარიდან 165 დოლარამდე მცირდება.
“გაზპრომმა” ფასის შემცირებით ქვეყანაში საკუთარი ენერგოაქტივების ეფექტურობის გარანტია მიიღო. 2013 წელს, „გაზპრომ არმენიას“ შეძენის პირობებში (აღნიშნული კომპანიის 100% გაზპრომს ეკუთვნის) შესული ცვლილებების თანახმად, რუსული ენერგოგიგანტი იღებს პრიორიტეტულ წვდომას მშენებარე, 400 კილოვოლტიან საექსპორტო ელექტროგადამცემ ხაზებზე საქართველოსა და ირანის მიმართულებით. აღნიშნული ხაზის ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე ერევანი „გაზპრომ არმენიას“ აძლევს წელიწადში მინიმუმ 1 მილიარდი კილოვატ საათის რეალიზაციის გარანტიას, მათ შორის 500 მილიონისა შიდა ბაზარზე. აღნიშნული ცვლილება სომხეთის მთავრობამ 18 აგვისტოს დაამტკიცა.
„გაზპრომმა“ რაზდანის თბოელექტროსადგურის მეხუთე ბლოკის მშენებლობა 2013 წელს დაასრულა, თუმცა სომხეთის შიდა ენერგობაზარი მისთვის ნაკლებად მიმზიდველია, პირველ რიგში, ტარიფებთან დაკავშირებული სირთულის გამო. ზაფხულის დასაწყისში მთავრობა დენის ტარიფის გაძვირებას შეეცადა, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანაში სტიქიური გამოსვლები გამოიწვია და სომხეთი პოლიტიკური კრიზისის ზღვრამდე მიიყვანა. ხელისუფლება იძულებული გახდა მომხმარებლისთვის მიეცა დაპირება სატარიფო სხვაობის კომპენსირების შესახებ.
რაზდანის თბოელექტროსადგურიდან მეზობელ ქვეყნებში ექსპორტი შეზღუდულია: მიწოდება მხოლოდ ირანში ხორციელდება ბარტერული შეთანხმების საფუძველზე.
ერევნის თბოელექტრიოსადგური, რომელიც ირანულ გაზზე მუშაობს, ირანში ენერგიას ყიდოს. დარჩენილის რეალიზაციას კი ძალიან დაბალ ფასად ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.
რუსული „კომერსანტი“ აღნიშნავს, რომ 2014 წელს საქართველოში მოხმარება 6,2%–ით, 10,77 მილიარდ კილოვატ საათამდე გაიზარდა, თუმცა ადგილობრივი ენერგოსისტემა ჰიდროელექტროსადგურებს ეფუძნება, ამიტომ ქვეყანაში ხან ენერგოდეფიციტია, ხან კი მას ჭარბი ენერგია აქვს. ამჟამად ამ ფაქტორის გათვალისწინებით სარგებლობს „ინტერ რაო.“ – 2014 წელს რუსეთის ფედერაციიდან 627 მილიონი კილოვატსაათი შევიდა, ხოლო იმპორტმა 160 მილიონი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები






