600 აბიტურიენტი, რომელთაც გადალახეს მინიმალური ზღვარი, მაგრამ ვერ მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. სხედან და შიმშილობენ, პროტესტს გამოთქვამენ, ნერვიულობენ, მოკლედ, ძალიან შეგვაცოდეს თავი.
ჩვენი საზოგადოებაც აქოთქოთდა, ბავშვები არ დაგვეჩაგროსო. მაგრამ ცოტა სასაცილოდ მეჩვენება მინიმალურ ზღვარს ძლივსგადალახული აბიტურიენტი რომ „სწავლის უფლებას“ ითხოვს - განვლილი თორმეტი წელიც შეზღუდული ქონდა ეს უფლება?
რეალურად ეს ყველაფერი ტრაგიკომიკურ სერიალს ემსგავსება:
დავუშვათ და დაივიწყა ყველა წეს-კანონი და დართო ნება სახელმწიფომ უმაღლესში ჩასარიცხად. მერე რა ხდება? ეს ცოდნას მოწყურებული ახალგაზრდები თავს გაიგიჟებენ სწავლით და 5 წლის შემდეგ 600-ით მეტი პროფესიონალი გვეყოლება სხვადასხვა დარგში? – რა თქმა უნდა არა, მაგრამ „აბა ისინი რომ მოხვდნენო?“ - მეტყვის ბავშვების ბედით შეწუხებული ჩემი მეზობელი და იგულისხმებს იმ აბიტურიენტებს, რომლებიც იგივე, ან ცოტა მეტი ქულებით ჩაირიცხნენ.
და აი, აქ იწყება მთავარი: ჩემი მეზობელი მართალია!
დიახთ! ისინი, ვინც მსგავსი, ან ცოოტა მეტი ქულებით ჩაირიცხნენ, გამოვლენ კი პროფესიონალი და ქვეყნის სასახელო თუ არა, უმაღლესში შეძენილი სპეციალობით ოჯახის მარჩენალი ხალხი? თუ „დიპლომიანი ტაქსისტების“ ახალი პარტია შეემატება ამ დედადაღლილ ქვეყანას?
ჩვენ ხომ მშვენივრად ვიცით, თუ რა ხდება უნივერსიტეტების უმრავლესობაში, რისი შედეგიც ერთის მხრივ გაკვირვებული და უკმაყოფილო მშობელია, რომლის შვილსაც „ნორმალური“ სამსახური ვერ უშოვნია და მეორის მხრივ მეწარმე, რომელიც ქვეყანაში დეკლარირებული უმუშევრობის ფონზე, ნორმალურ კადრს ვერ ნახულობს.
მშობელი ვახსენე და მე მგონი არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ამ აჟიოტაჟის ინიციატორი აბიტურიენტები არ არიან.
მშობელი - ეს განსაკუთრებული კატეგორიაა ქართველისთვის, ჩვენი მშობლები ხომ მსოფლიოში ყველაზე „გადაყოლებული“ მშობლები არიან. აბა რა, ისინი ხომ ყველაფერს აკეთებენ საკუთარი შვილისთვის: აჭმევენ, ასმევენ, აცმევენ, წელებზე ფეხს იდგამენ და ტყავიდან ძვრებიან, რომ უმაღლეს სასწავლებელში გადასახდელი თანხა მოაგროვონ და ამის შემდეგ სრული უფლება ქონდეთ უთხრან: „რა დაგაკელი შვილო?“.
რეალობა ასეთია: სტუდენტების დიდი უმრავლესობა, რომელიც ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, აბსოლუტურად მოუმზადებელია რაიმე საქმიანობისთვის, მას არ გააჩნია ის მინიმალური პროფესიული უნარ-ჩვევები და ცოდნა (რომელიც უნდა მიეღო სასწავლებლისგან) რაც აქცევდა კონკურენტუნარიან კადრად შრომის ბაზარზე. სტუდენტების უმრავლესობა უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს იმაზე ნაკლები განათლებით, რაც გააჩნდა ეროვნული გამოცდების ჩაბარების მომენტში - მას უბრალოდ ის ცოდნაც ავიწყდება. მათთვის ეს ოთხნახევარი წელი პრაქტიკულად დაკარგული დროა ...
მიზეზი?
მიზეზი არა, მიზეზები, რომელიც შეიძლება ითქვას ერთგვარი „კავკასიური ცარცის წრეა“:
ბავშვს არ უნდა სწავლა და იმასაც კი არ სწავლობს, რასაც ასწავლიან „ქემაინც“; მშობლის „ვალდებულებაა“ შვილს განათლება მიაღებინოს და ის ქვეცნობიერად თანახმაა რომ ეს განათლება იყოს ფორმალური, რათა მერე რამე რომ იყოს უთხრას „რა დაგაკელი შვილოვო“; მოთხოვნა ბადებს მიწოდებას და წარმოიქმნება უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ამ ფორმალურ განათლებას სთავაზობს მომხმარებელს; მთავრობა ვერ ამკაცრებს უმაღლესი განათლებისადმი მოთხოვნებს რადგან დაკარგავს ამომრჩეველს - იმ მშობლებს, რომელთაც უნდათ რომ შვილებთან სათქმელი ქონდეთ „რა დაგაკელიო“; აბიტურიენტი ხდება ამ სასწავლებლის სტუდენტი, სტუდენტი ხდება მოქალაქე უმაღლესი განათლებით, მერე ის ვერ შოულობს სამსახურს და იცვლის პროფესიას, იძენს ხელობას, იწყებს ტაქსაობას ან კიდევ სხვა; იგი ქმნის ოჯახს და ყავს შვილი; შვილი ხედავს მშობელს, რომელსაც ეს უმაღლესი განათლება არაფერში არგია და...
ბავშვს არ უნდა სწავლა...
და თქვენ მკითხავთ - ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე?
დამნაშავე არის დრო! - დრო, რომელიც არასაკმარისად გავიდა ჩვენი საბჭოთა მენტალობებისა და სტერეოტიოპების საბოლოოდ ამოსაძირკვად!
რა შუაშია საბჭთა მენტალიტეტი? - მკითხავთ თქვენ.
იმ „შუაშია“, რომ სისტემამ, რომელიც საკუთარ თავზე იღებდა ვალდებულებას დიპლომიანი ადამიანები სადმე დაესაქმებინა, საერთოდ დაუკარგა ხალხს წარმოდგენა რეალურ განათლებასა და მის საჭიროებაზე. ანუ საკმარისი იყო უმაღლესი დაგემთავრებინა და სამსახური გარანტირებული გქონდა. დამთავრების შემდეგ თუ მშობელი კიდევ ცოტა ხელს წამოგაშველებდა და პაწია საჩუქრებს მიმოაბნევდა აქა-იქ, სამსახური ფულიანიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. სხვანაირად რომ ვთქვათ, მშობლის ამოცანა დადიოდა შვილის უმაღლესში „შეგდებაზე“, სადაც პრაქტიკულად მისი, როგორც მშობლის მისია ამოწურული იყო. და დღესაც ამ გონებით ვაგრძელებთ: დიპლომის გარეშე კაცი, კაცი ვერაა და ქალი კიდევ ქალი.
მიიხედ-მოიხედეთ საახლობლოსა და სამეზობლოში და თქვენ თვითონ თქვით, რა უფრო დიდ ტრაგედიად აღიქმება ოჯახში, უმაღლესში ვერ მოწყობა თუ სამსახურის ვერ შოვნა? ხოდა ეგ არი - დამნაშევე დროა, რომელიც იმდენი უნდა გავიდეს, რამდენიც საჭიროა ისეთი მშობლების თაობის მოსასვლელად, რომელთათვისაც განათლება და დიპლომი არა მიზანი, არამედ საშუალებაა!
არადა რამხელა რესურსი იხარჯება ამ ყველაფერზე:
სახელმწიფო, რომელიც აფინანსებს განათლების სისტემას;
მშობელი, რომელიც ბოლო კაპიკებს აკოწიწებს; მეწარმე, რომელიც იძულებულია, თვითონ დაუფინანსოს შერჩეულ კადრს საჭირო განათლება.
ესეიგი წარმოიდგინეთ, რომ იხარჯება ფული იმისათვის, რომ სტუდენტმა ოთხწლინახევრის შემდე გაიაროს გასაუბრება რომელიმე კომპანიაში და სკოლის დროს შეძენილი უნარჩვევებითა და ცოდნით მოიპოვოს ვაკანტური ადგილი, რის შემდეგაც კომპანია კიდევ ხარჯავს ფულს იმაში, რომ ამ კადრს ადექვატური განათლება მიაღებინოს და თან არანაირად არ არის დაცული იმისგან, რომ ეს ადექვატურად განათლებული კადრი სხვა კომპანიაში არ გადაბარგდება ცოტა მეტი ხელფასის შეთავაზების შემთხვევაში.
არადა მდიდარი ქვეყანა თითქოს არ ვართ და ნაცვლად იმისა, რომ რაც გაგვაჩნია ოპტიმალურად ვხარჯოთ, მთელი სისტემა აწყობილია იმ მშობლის მოთხოვნებზე, რომელსაც უნდა რომ ქონდეს უფლება თავის შვილს უთხრას „რა დაგაკელი შვილოვო“.
კიდევ სასაცილო მაგალითები ზოგადი განათლების სისტემიდან:
ვიცით, რომ ბავშვების ზოგად განათლებას სახელმწიფო აფინანსებს ვაუჩერით. ანუ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აძლევს ვაუჩერს თითოეულ ბავშვს და შესაბამის თანხას ურიცხავს იმ სკოლას, სადაც ეს ბავშვი ისწავლის.
იცოდით, რომ თუკი თქვენი შვილი შევა საჯარო სკოლაში, ეს ვაუჩერი უფრო მეტია ვიდრე კერძო სკოლაში?
ხო ყველამ ვიცით, რომ საშუალო სტატისტიკურად, კერძო სკოლები უფრო უკეთეს განათლებას იძლევიან ვიდრე საჯარო სკოლები?
თქვენ მეტყვით, რომ საჯარო სკოლაში დაბალი ხელფასებია და ბლა ბლა ბლა...
შეგიძლიათ მითხრათ ერთი ნორმალური მასწავლებელი მაინც, რომელიც მხოლოდ სკოლის ხელფასზეა და კერძოდ არ ამზადებს ბავშვებს, ან ბავშვი, რომელმაც საჯარო სკოლა დაამთავრა და კერძო მასწავლებლის გარეშე მიაღწია წარმატებას ეროვნულ გამოცდებზე? - მე გულწრფელი იმედი მაქვს რომ ასეთი გამონაკლისები არსებობს, მაგრამ ეს ხომ სინამდვილეში გამონაკლისებია!
რეალობაში ყველა ნორმალურ მასწავლებელს ყავს კერძო მოსწავლეები და ყველა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს (ვისაც უმაღლესში გაგრძელება უნდა) ყავს კერძო მასწავლებელი ორ საგანში მაინც!
რა გამოდის, რომ უბრალოდ შენობას ვაფინანსებთ?
დიახ, ეგრე გამოდის: განათლებაში სახელმწიფოს მიერ ძირითადად ფინანსდება შენობების ფუნქციონირება და დიპლომები.
მერე რატომ?
იმიტომ რომ, საკმარისი დრო არ გასულა საბჭოური მენტალობის გასაქარწყლებლად, ხელისუფლება კიდევ იძულებულია შეასრულოს იმ ამომრჩევლის მოთხოვნები, რომელთაც უნდათ რომ შვილებს უთხრან „რა დაგაკელი შვილოვო“!
კი, მაგრამ როგორ ვუშველოთო ამ საქმესო? - იკითხავთ თქვენ.
კი ვიცი როგორ ეშველება, მაგრამ აბა მე ვინ რას მეკითხებაო! - გიპასუხებთ თქვენი მონა-მორჩილი.
ავტორი ლევან ბეიტრიშვილი
წყარო iveria.biz
მასალის გამოყენების პირობები






