პროტესტის ნიშნად, მოვაჭრეებმა დღეს დილიდან ბაზარში საკუთარი ადგილები დატოვეს და დახლები გარეთ გამოიტანეს. ისინი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.
"ჩვენ ვითხოვთ ყურადღებას. თუ აკრძალვაა, ყველგან უნდა აიკრძალოს ეს გარევაჭრობა. ჩვენთან აღარავინ შემოდის, გარეთ ყიდულობენ ყველაფერს, ჩვენ კი გვიფუჭდება პროდუქტები და ვყრით. ბანკის ვალები გვაქვს, გადასახადებს ვერ ავუდივართ. ჩვენთვის აკრძალვაა და იმათთვის არა? გაიარეთ აგერ მეორე მხარეს და ნახეთ რა ხდება? იმ სიბუნძურეში ყველი, პამიდორი, მწვანილი და რა აღარ იყიდება. თუ აკრძალვა მოქმედებს ჩვენზე, იმათზე ეს რატომ არ ვრცელდება?“, - აცხადებენ ე. წ. „ქსენოვიჩის“ ბაზრის მოვაჭრეები.
ბოსტნეულისა და სხვადასხვა პროდუქტების გარემოვაჭრეებთან ყიდვას ამჯობინებენ მყიდველები. როგორც ისინი აღნიშნავენ, ბაზარში არსებული მაღალი ფასების გამო არ შედიან და გლეხისგან, გარეთ ნაყიდ პროდუქტს არჩევენ, შედარებით დაბალი ფასების გამო.
ლანჩხუთის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, თენგიზ ხელაძე აცხადებს, რომ მათ სამსახურს გარემოვაჭრეების დაჯარიმების უფლება არა აქვთ და ეს პრობლემა პოლიციის ჩარევით უნდა მოგვარდეს.
„არცერთ მხარეს არა აქვს ამის უფლება. გუშინ მთელი დღე პოლიციასთან ერთად ვიყავი გასული და თქვენ დააკვირდით დილით აღარ იყო დახლები. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დაჯარიმების უფლება და გამგეობა ვერ დააჯარიმებს. გამოვედით ეტყობა და მერე ისევ დადგეს. ნახეთ რამდენი წერილი გვაქვს გაგზავნილი. პოლიციმაც რა უნდა ქნას? დავჯდებით ჩვენ გამგებელთან ერთან და დავიპალარაკებთ. თუ არ დაგვემორჩილებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ზომებს მივმართავთ“, -გვითხრა ხელაძემ.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






