აქციის შემდეგ დაზარალებულებს ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლები და აჭარის მთავრობის წევრები შეხვდნენ.
როგორც „ნიუპოსტს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა ნიაზ ფუტკარაძემ განუცხადა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
„ჩვენ პირველი აქცია პრობლემის მოგვარების მოთხოვნით გასული წლის 1 აპრილს ჩავატარეთ. ამის შემდეგ აჭარის მთავრობა ყოველ თვე გვპირდება პრობლემის მოგვარებას, თუმცა უშედეგოდ. გვეუბნებიან, რომ მიწა ჩვენია, მაგრამ არ გვაძლევენ. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართეთ აჭარისა და ადგილობრივ ხელისუფლებას კანონიერების აღდგენის მოთხოვნით, რომლის პასუხის კანონმდებლობით დადგენილი ვადა გუშინ დასრულდა. ეხლა ამბობენ, რომ ვერ გავიგეთ რაშია საქმეო. სასაცილოა ეს ყველაფერი. საკრებულოს კომისიაში, რომელიც საკუთრების დაკანონებას ახორციელებს გვეუბნებიან, რომ კი ბატონო თქვენ გეკუთვნით ეს მიწა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთო... მინისტრთა საბჭოში როდესაც მივედით ერთი საათი ვიდავეთ. პასუხი არ ჰქონდათ. გვითხრეს, რომ ორი კვირა დრო გვჭირდება კიდეო. ჭიდაობას ვერ დავუწყებდით. ამ ეტაპზე ვაპირებთ თბილისში იურისტებთან შეხვედრას. გავივლით რისი გაკეთება შეგვიძლია. თუ პრობლემა არ მოგვარდა მასშტაბურ აქციებს გავმართავთ. ათასობით კაცი გამოვა. თავს შევაკლავთ ამ პრობლემას“, - ამბობს ფუტკარაძე.
გონიოს ტერიტორიაზე ქონების უკანონოდ ჩამორთმევით დაზარალებულ მოქალაქეთა უფლებების აღმდგენი კომიტეტის წევრთა კანონიერ მოთხოვნებს სამართლინობის აღდგენაზე მხარს უჭერენ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
გონიოს ტერიტორიაზე ქონების უკანონოდ ჩამორთმევით დაზარალებულ მოქალაქეთა უფლებების აღმდგენი კომიტეტი წარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ბათუმი-გონიოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის N39-ე ოქმით უკანონოდ გაუუქმდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები.
მასალის გამოყენების პირობები






