2015 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათის ფასები 4.9 პროცენტით გაიზარდა. აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე, ფასების წლიური კლება გაგრძელდა სამომხმარებლო კალათაში შემავალ ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტზე, როგორიცაა დიზელის საწვავი და ბენზინი. თუმცა ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად წლიური კლების ტემპი შემცირდა და ივლისში შესაბამისად, 8.1 პროცენტი და 6.5 პროცენტი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 18.2 პროცენტით იმატა ფასებმა გაზის საწვავზე. საანგარიშო თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათზე ფასების საერთო დონე 7.4 პროცენტით გაიზარდა. ფასების ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი „ხილისა და ყურძნის“ კატეგორიის კვების პროდუქტების შემთხვევაში დაფიქსირდა (31.7 პროცენტი). აღნიშნული ჯგუფის გარდა, წლიური ინფლაციის მატებაში შედარებით მაღალი წვლილი შეიტანა „ბოსტნეულის და ბაღჩეულის“, „პურისა და პურპროდუქტების“ და „რძე, ყველი და კვერცხის“ კატეგორიების სურსათმა. ივლისის თვეში, „უალკოჰოლო სასმელების“ კატეგორიაში ფასები წლიურად 4.4 პროცენტით გაიზარდა. შედარებით მაღალი იყო წლიურ დონეზე ფასების მატების ზრდის ტემპი „ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს” ჯგუფში (11.7 პროცენტი), რაც თამბაქოს ნაწარმზე და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზური გადასახადის ზრდის შედეგია. რაც შეეხება სამომხმარებლო კალათის სხვა ჯგუფებს, მნიშვნელოვანი იყო გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად დაფიქსირებული ფასების ზრდის გავლენა. ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთების“ და „ჯანმრთელობის დაცვის“ ჯგუფების საქონელსა და მომსახურებაზე დაფიქსირდა, რომლის დიდი ნაწილი (მედიკამენტები, ავეჯი და საყოფაცხოვრებო საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ნივთები) ძირითადად იმპორტირებულია. ივლისში, აღნიშნულ კატეგორიებში ფასების დონემ შესაბამისად, 7.8 პროცენტით და 7.3 პროცენტით მოიმატა. საანგარიშო თვეში, წლიურ დონეზე ფასების კლებას ადგილი ჰქონდა მხოლოდ ორ კატეგორიაში. კერძოდ, „ტრანსპორტის“ ჯგუფში შემავალ საქონელსა და მომსახურებაზე, სადაც ფასები წლიურად 0.8 პროცენტით შემცირდა, რაც საწვავზე ფასების კლების შედეგია და „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის“ სასაქონლო ჯგუფში, სადაც წლიურმა დეფლაციამ 1.3 პროცენტი შეადგინა.“- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






