ამ წუთებში, ბახმაროს ცენტრში, მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 60-მდე დამსვენებელია შეკრებილი და ისინი ელექტროენერგიის გათიშვას აპროტესტებენ,
როგორც შეკრებილები აცხადებენ ბახმაროში მოედნისა და ბაზრის მიმ დებარე ტერიტორიაზე 120 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობასა და მოტყუებაში ადანაშაულებენ. „ როდესაც მოვდიოდით ბახმაროში გვითხრეს, რომ ბანკში 50 ლარი შეგვეტანა და ელექტროენერგიას ერთი თვით მივიღებდით, თუმცა დღეს 120 აბონენტს ელექტროენერგია გაგვითიშეს და გვეუბნებიან, რომ ჩვენს სახელზე დავალიანებები ირიცხება. მოტყუებულები გამოვდივართ, გამომდინარე იქედან, რომ 50 ლარი შეგვატანინეს ელექტროენერგია კი სეზონის დასრულებამდე გაგვითიშეს.“
შეკრებილთაგან რამდენიმემ ის აზრიც გაავრცელა, რომ შესაძლოა ელექტროენერგიის გათიშვა ბახმაროში დამსვენებელთა რაოდენობის შემცირებასაც უკავშირდებოდეს: „ბახმარო დამსვენებლებისგან თითქმის დაიცალა, ჩვენი ბედი კი არავის აღელვებს, - აცხადებენ მოედნის ტერიტორიაზე შეკრებილი დამსვენებლები. გურიის მოამბე შპს ბახმაროს ცენტრის დირექტორს დავით საჯაიას დაუკავშირდა, მისი განმარტებით ირიცხება დავალიანება დამსვენებლების სახელზე 3000 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, დამსვენებლებმა დავალიანების გადახდა რომ მოახერხონ, ელექტროენერგია მაინც არ ჩაირთვება, გამომდინარე იქედან, რომ, თითო აბონენტს ყოველდღიურად 500-500 ლარის გადახდა მოუწევს ,რასაც დამსვენებლები ვერ შეძლებენ. საჯაია დასძენს იმასაც, რომ ენერგოპროჯორჯიასთან მოლაპარაკება ვერ შედგა.
რაც შეეხება ჩოხატაურის გამგებელს ირაკლი კუჭავას აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი საქმის კურსშია, თუმცა პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებენ. „შევეცადეთ ენერგოპროჯორჯიასთან მოლაპარაკებები გვეწარმოებინა და შუქი არ გათიშულიყო, თუმცა ისინი უარს აცხადებენ და დავალიანების დაფარვამდე ელექტროენერგიის აღდგენას არ აპირებენ.“, - აცხადებს კუჭავა.
რაც შეეხება ჩოხატაურის ენერგოპროჯორჯიას წარმომადგენელს, აცხადებს, რომ დავალიანების დაფარვამდე ელექტროენერგიის მიწოდება კურორტ ბახმაროზე არ მოხდება. თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა ელით მცირეწლოვან ბავშვიან დამსვენებლებს კურორტ ბახმაროში უცნობია. დამსვენებლები ისევ შეკრებილები არიან და პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგიის პრობლემა არ მოგვარდა, შესაძლოა კურორტი დამსვენებლებმა დროზე ადრე დატოვონ.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






