"ჩვენი ოჯახიდან მეორე მსოფლიო ომში ორი ბიჭი დაიღუპა, მამიდაჩემიც ომის მონაწილეა და სამ სოფელს ემსახურებოდა, როგორც ექთანი. დღეს კი მისი დამსახურების მიუხედავად ყურადღებას არავინ გვაქცევს. მეხუთე წელია ეტლს ვითხოვთ, თუმცა ყურადღებას არავის მოუქცევია. მამიდაჩემს ვერ ვტოვებ, რომ მუშაობა დავიწყო, ამიტომ ჩვენი შემოსავალი მისი პენსიაა. დახმარება რამდენიმე თვის წინ მოუხსნეს. მაინტერესებს ეკუთვნის თუ არა დახმარება მარტოხელა საწოლსმიჯაჭვულ ომის ვეტერანს, ესაა სამართლიანობა აღვადგინეთო?! სიცხიანი დავრბოდი „ოცნების“ აქციაზე, იმის იმედით რომ რაღაც შეიცვლებოდა, თუმცა ხომ ხედავთ რა პირობებში ვცხოვრობთ. საწოლს მიჯაჭვული მამიდასთვის ეტლს ვითხოვ და იმასაც არ მაძლევენ, - ამბობს ნინა ძნელაძის ძმიშვილი, მარადი ძნელაძე.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებაში გავარკვიეთ, ძნელაძეების ოჯახმა 28 აგვისტოს გადამოწმების შედეგად 96 ათას 730 ქულა მიიღო. უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში ყველა ოჯახის გადამოწმება მიმდინარეობს:
"ოჯახს ჩვენი აგენტის მიერ შემოწმების შედეგად მიღებული აქვს 96 ათას 730 ქულა. ქულების დადგენა ხდება პროგრამულად ბაზაში დეკლარაციის განთავსების შემდეგ და ჩვენ აქ არაფერ შუაში არ ვართ. მიდის აგენტი ამოწმებს ოჯახს, დეკლარაციას ხელს აწერს ოჯახის წევრები და იგზავნება თბილისში" - განმარტავენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებაში.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






