3 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება სადღეისოდ 34 სუბიექტს გააჩნია, რომელთაგან უმეტესობა რეგიონული ფედერაციები და ასოციაციებია. სწორედ ის ფილიალები, რომლებიც უშუალოდ სფფ-ის დაქვემდებარებაში შედიან - სულ 22 წევრი.
როგორც წესი, ეს სუბიექტები თავად ირჩევენ თითო დელეგატს ხმის უფლებით და სწორედ ამ დელეგატების სინდისზეა მომავალი პრეზიდენტის ბედი.
„ახალი თაობის“ მიერ მოპოვებული სკანდალური დოკუმენტები სწორედ ამ დელეგატებს ეხებათ - რატომღაც, რეგიონული ფედერაციები დელეგატებად თურმე „ირჩევენ“ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ არიან დასაქმებულები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. სურათებზე შეგიძლიათ ნახოთ გურიის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის მიერ სფფ-ში გაგზავნილი დადგენილება, სადაც წერია, რომ ხმის უფლების მქონე დელეგატად არჩეულია გოჩა ტყებუჩავა. აქვე გეტყვით: ტყებუჩავა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ანუ ის დღესდღეობით ოფიციალურად ითვლება ფედერაციის თანამშრომლად!
კულუარულმა წყარომ ტყებუჩავას გარდა, სხვა სუბიექტების მიერ დასახელებული საინტერესო დელეგატებიც გაამხილა: ოთარ კორღალიძე (ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი), ნიკა ჩხეიძე (ეროვნული ნაკრების ტექნიკური დირექტორი), გიორგი ხაჩიძე (სფფ-ის აკადემიის მენეჯერი)...ბავშვთა სკოლების ასოციაციას კი სულაც არჩილ არველაძე ხელმძღვანელობს.
მასალის გამოყენების პირობები






