ირანი ინტენსიურად ემზადება მის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციების გაუქმებისათვის. ენერგომატარებლების სფეროში ირანისათვის თავისუფალი მოქმედების საშუალების მიცემას სერიოზულად აფასებენ ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციები და ბაზრები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ურთიერთთანამშრომლობას. ეს კარდინალურად შეცვლის ევროპისა და აზიის ენერგეტიკულ რუქას. აღსანიშნავია, რომ ირანმა უკვე დაიწყო ამ საკითხში აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გზების ძიება, რადგან ეს მას საშუალებას მისცემს მისი ნედლეული ნაკლები დანახარჯით მიაწოდოს ევროპას.
ამ მიმართებით დიდი პერსპექტივები აქვს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანს, რომლის მეშვეობითაც უკვე 2020 წლიდან ევროპას აზერბაიჯანული საბადო „შახდენიზის“ გაზი მიეწოდება. ეს დერეფანი სამი დამოუკიდებელი გაზსადენისაგან შედგება - ინტენსიური მუშაობა მიდის სამხრეთამიერკავკასიის გაზსადენის გამტარიანობის გაზრდისთვის, დაიწყო სამხრეთანატოლიის გაზსადენის მშენებლობა და 2016 წელს დასრულდება ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობა, რომელიც საშუალებიტაც გაზი თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიის გავლით იტალიაში ჩავა. სწორედ ეს იწვევს ირანის დიდ დაინტერესებას.
არსებობს კიდევ ერთი ალტერნატიული გზაც - გაზი შეიძლება ევროპაში თურქეთიდან ბულგარეთის გავლითაც ჩავიდეს, რაც საშუალებას იძლევა კვლავ აქტუალური გახდეს პროექტი Nabucco West-ი (1300 კმ გაზსადენის მშენებლობა ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის, ავსტრიის გავლით).
დღეისათვის ირანში აქტიურად მიმდინარეობს ყველა არსებული თუ შესაძლო მარშუტების შესწავლისა და ანალიზის პროცესი. ასევე შეგახსენებთ, რომ ირანული კომპანია NICO „შახდენიზის“ პროექტის 10 პროცენტიან წილს ფლობს.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ირანს მხოლოდ ეკონომიკური მოგება არ აინტერესებს - იგი ცდილობს სამომაცლოდ მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს ევროკავშირის ქვეყნებთან, რაშიც კავკასიის ქვეყნები მას ნამდვილად გამოადგება.
და რაც მთავარია, ირანის პერსპექტივებს ნამდვილად ამყარებს ის ფაქტი, რომ ევროკავშირს გაზის ამჟამინდელ მიმწოდებელ რუსეთთან საკმაოდ გართულებული ურთიერთობა აქვს და ირანი შესანიშნავი ალტერნატივაა აგრესიული რუსეთის ჩასანაცვლებლად.
მასალის გამოყენების პირობები






