თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის მიხედვით, მიმდინარეობს გზის დაზიანებული მონაკვეთებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია. განხორციელდება გვირაბების შესასვლელისა და გასასვლელის დაზიანებული ნაწილების აღდგენა. გარდა ამისა, მზიურის მიმდებარედ, ჩაწყვეტილ მონაკვეთზე, მიმდინარეობს ხიდის მშენებლობა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, შეთანხმებული გეგმის მიხედვით, გზის ერთი ნაწილი დაახლოებით 15 სექტემბრისთვის გაიხსნება, სექტემბრის ბოლომდე კი გზაზე მოძრაობა მთლიანად იქნება შესაძლებელი.
„სამუშაოები ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც დღის, ასევე მთელი ღამის განმავლობაში, რათა დროულად იქნას დასრულებული ხიდის მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს გზების ჩაწყვეტილი და დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა. წყნეთის 13 ნომერთან გამორეცხილი მონაკვეთისთვის შენდება ძალიან დიდი საყრდენი კედელი, აქედან გამომდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს გზა მთლიანად უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.



მასალის გამოყენების პირობები






