შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული იური ბ. ქურდობის ბრალდებით თეთრიწყაროს რაიონში დააკავეს.
დაკავებული მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალის მე-12 კილომეტრზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ თანამზრახველთან ერთად, მატარებლის სპილენძის საკონტაქტო სადენსა და გვარლს ე.წ. „ტროსს“ იპარავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების მისვლის შემდეგ, ბრალდებულის თანამზრახველმა პოლიციის მისამართით გაისროლა და გაქცევა მოახერხა, ხოლო იური ბ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. სამართალდამცველები თანამზრახველის დაკავების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
პოლიციამ მოპარული სადენები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 7300 ლარს შეადგენს, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).
მასალის გამოყენების პირობები