არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2 800 წლის ისტორიას ცხადყოფს.
სპეციალისტებმა აღმოჩენა დღეს ისევ მიწით დაფარეს. უნიკალურ წარწერაზე სამუშაოების გაგრძელება ვერ ხერხდება. მიზეზი თანხების ნაკლებობა. ,,ჩვენ გვქონდა დაფინანსება კულტურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსგან. როდესაც ის დაფინანსება დასრულდა, შემდეგ სამუშაოები გაგრძელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახსრებით და ეს გეგმიური სამუშაოები და სახსრები, რა თქმა უნდა, დასრულდა“ - აცხადებს ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი.
როდის გაგრძელდება სამუშაოები უცნობია. ექსპედიციის ხელმძღვანელმა კულტურის მინისტრისგან სამუშაოების დაფინანსების პირობა მიიღო, როდის გამოიყოფა თანხა, ჯერ-ჯერობით უცნობია.
,,ჯერ კონკრეტულად ამის თაობაზე საუბარი არ მქონია, თუმცა მქონდა მე დღეს საუბარი სააგენტოს გენერალურ დირექტორთან და მივიღე დასტური რომ სამინისტრო გამოყოფს თანხებს, რაც უკვე ორიოდ დღეში უნდა გადაწყდეს“ - აცხადებს ლიჩელი ,,კურიერთან“ საუბრისას.
არქეოლოგიური სამუშაოებისთვის წელს თანხები უკვე ამოიწურა. მიხეილ გიორგაძე ვარაუდობს, რომ მომავალ წელს თანხებს მოიძიებს და სამუშაოებიც განახლდება.
,,ძეგლზე ჩატარდება საკონსერვაციო სამუშაოები და მომავალი წლიდან, გაორმაგებული ძალისხმევითა და დაფინანსებით გაგრძელდება სამუშაოები“ - განაცხადა კულტურის მინისტრმა. დაფინანსების გაორმაგების იმედი აქვს მომავალი წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილეს პაატა გაფრინდაშვილსაც. მისი თქმით, ეს მრავალწლიანი პროექტია და მისთვის ერთწილიანი სამუშაოები საკმარისი არ არის.
ბიუჯეტი კი 2016 წელს უნდა დამტკიცდეს, თუმცა არსებობს საფრთხე, მსოფლიოში უნიკალური აღმოჩენის განდაგურებისა. წარწერა, რომელიც ისევ მიწით დაიფარა, მისი დაზიანების რისკი მაღალია. ,,მიწაშია მოქცეული და არსებობს საფრთხე მისი დაზიანების. 2800 წელი გაუძლო თიხამ, მართალია გამომწვარია, მაგრამ ისიც ზიანდება. გარდა ამისა, არსებობს შემთხვევითობაც, იგივე ბუნების ძალის მოვლენები და სხვა.. ამიტომ ეს სასწრაფოდ შესწავლას მოითხოვს“ - აცხადებს ,,კურიერთან“ თსუ-ს პროფესორი გურამ გრიგოლია.
გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი წარწერით, რომლის შესახებაც მსოფლიო საისტორია წყაროებში არაფერია ცნობილი, უკვე დანტერესდნენ საერთაშორისო მკვლევარები.
გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა. გრაკლიანის არქეოლოგიური საიტი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






