ჩოხატაურელი მუზაშვილები ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე საცხოვრებლად მხოლოდ 3 ოთახს იყენებენ. მეორე მთლიანად გაუწყობელია.
იქ, სადაც ცხოვრობენ, იატაკი ხისაა და აქა იქ ჩავარდნილი, კედლები დაზიანებულია და შესაცვლელია სახურავი: ,,სახლიც არ გვაქვს ისეთი, ნორმალურად ცხოვრება რომ შეიძლებოდეს. სახურავში წყალი ჩამოდის, მაგრამ სახურავის შესაცვლელი ფული კი არა, პურის ფული არ გვაქვს”- გვეუბნება ოჯახის უფროსი.
ოთახებში მოძველებული ავეჯი დგას, ზოგიც მთლიანად გამოუსადეგარია. რამდენიმე სკამი, მაგიდა, ძველი კარადა ტანსაცმლისთვის, პატარა ტელევიზორი და სამი საწოლი, სულ ესაა ის სიმდიდრე, რომელიც სოციალურმა სააგენტომ 70 ათას ქულაზე გაცილებით მეტად შეაფასა და ოთხსულიანი ოჯახი შეჭირვებულ ბენეფიციართა ერთიანი ბაზის მიღმა დატოვა.
დიასახლისი გვიყვება, რომ ხშირად ბავშვის საკვები არ აქვთ, რადგან ოჯახში არავინ მუშაობს და ფულიც არ შემოდით.
შიმშილის ზღვარზე მყოფი ოჯახი მხოლოდ მეზობლების იმედადაა დარჩენილი:
„გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ და ამ დრომდე არანაირი დახმარება არ მიგვიღია. მეზობლები, რომ არ გვაძლევდნენ საჭმელს, შიმშილით დავიხოცებოდით. ვწერთ განცხადებას დახმარების თაობაზე და ყურადღებას არავინ გვაქცევს. რამდენჯერმე მივმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოვიდა აგენტი და იმხელა ქულა მივიღეთ, დახმარებას ვინ დაგვინიშნავდა. საპენსიო ასაკი არ გვაქვს ჯერ, რომ პურის ფული მაინც გვქონდეს. ახლობელიც არ გვყავს ისეთი, რომ დაგვეხმაროს. არ ვთაკილობთ ფიზიკურ შრომას, ვეძებთ სამუშაოს, თხილასაც კი მოვძებნით თუ ვინმეს უნდა მოხმარება, ოღონდ შვილი შიმშილით არ მომიკვდეს! მოაქვთ მეზობლებს ხან ზეთი, ხან შაქარი და ასე გაგვაქვს თავი. რა ქვია ასეთ ცხოვრებას? პური არც ახლა გვაქვს. კარტოფილი მომიტანა მეზობელმა და იმას ვხარშავთ. სარეცხის ფხვნილი რამდენიმე თვეა არ მიყიდია და რა ტანსაცმელიც გვაჩუქეს, დასარეცხად ყრია. მაღაზიაში ვალი მაქვს და ვეღარ მივდივართ პურისთვის“ - გვიყვება მადონა მახარეიშვილი.
იმის გამო, რომ ოჯახი მატერიალურად უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება, ხშირად ვერ ახერხებენ შუქის ფულის გადახდას. უგაზობის გამო კი, საჭმლის კეთება შეშის ფეჩზე უწევთ: “ისეთი სიცხეებია, წარმოიდგინეთ შეშის ფეჩზე საჭმლის კეთება, მაგრამ ამას ვინ ჩივის, მთავარია რამის შოვნა მაინც შევძლოთ, რომ ბავშვი მშიერი არ დაგვრჩეს”.
ერეკლე მუზაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იმედი ქონდა, სამსახურს იშოვიდა და მათი ეკონომიური მდგომარეობა შეიცვლებოდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მოლოდინი გაუცრუვდა: „ეს ხელისუფლება იძახდა საწარმოებს გავხსნითო. იმედი მქონდა, რომ რაღაც გაკეთდებოდა. მუშად ხომ მაინც ვიმუშავებდი, პურის ფული მექნებოდა და მეზობლების იმედზე არ ვიქნებოდით. სირცხვილი არაა, რომ პურის ფული არ აქვთ ოჯახებს? რამდენი ადამიანია ჩემს დღეში. კარტოფილი არის ბავშვის ძირითადი საჭმელი, სხვას ვერაფერს ვყიდულობთ. თხილის ფართობი მქონდა, უფულობის გამო მავთული ვერ ვიყიდეთ, რომ შემოგვეღობა და რაც იყო მოსავალი, ღორებმა შეჭამეს“. - გვიყვება ერეკლე.
მიუხედავად დეკლარაციაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებებისა და ქულების მინიჭების წესის გამარტივებისა, რაზეც ხელისუფლება საუბრობს, ბოლო წლებში გახშირებულია მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ისეთი ოჯახების ამოღება, რომელთა უმრავლესობაც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. პარალელურად იმატა სოციალურად დაუცველთა რაოდენობამაც. მათ შორის ბევრია ისეთი, საკვები პროდუქტების შეძენას რომ ვერ ახერხებს და დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ თუ იკვებება. ეს ძირითადად ის კატეგორიაა, რომლებიც არ არიან საპენსიო ასაკის და ვერც სამუშაო ადგილებს შოულობენ.
თუ რატომ ვერ ხერხდება მსგავსი კატეგორიის ოჯახებისთვის ფულადი შემწეობის დანიშვნა და ზოგადად რა კრიტერიუმით აფასებენ სიღატაკეს, ამ კითხვებზე სოციალური სააგენტოსა და გამგეობის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელების კომენტარებს ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






