ორი დღის წინ, გვიან ღამით ხობის რაიონის სოფელ ხეთაში ტრაგედია დატრიალდა. 38 წლის ზურაბ ალანიას მატარებელი დაეჯახა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცი ნასვამი იყო. ის, სავარაუდოდ, ლიანდაგზე ჩამოჯდა და როცა მატარებელი წამოვიდა ადგომა ან ვერ მოასწრო, ანაც ჩაეძინა და საერთოდ ვერ გაიგო მატარებლის მიახლოება. გარდაცვლილს მეუღლე, სამი წლის ვაჟი და მოხუცი მამა დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება, სოციალური დახმარებით არ სარგებლობენ.
დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" სოფელ ხეთაში გამგებლის წარმომადგენელი, შავლეგ ბუკია და ოჯახის ახლობელი, ფატმან ქირია საუბრობენ.
ფატმან ქირია:
- საშინელება ხდება. ბიჭი სულ უბრალო მიზეზით გამოესალმა სიცოცხლეს, თან რა საზარელი სიკვდილით… მეუღლე და ვაჟი დარჩა. საბრალო მამამისი ზუგდიდში ბაზარში მუშაობს, ხელის ურმით ტვირთი დააქვს. მეუღლე დიასახლისია, ბავშვი ჯერ სულ პატარაა, ბაღში დადის. დედა ადრე გარდაეცვალა და ობლად გაიზარდა. უწესიერესი ოჯახის შვილია. კარგის მეტი სხვა ვერაფრეს ვიტყვი. ზურა ჩემი შვილის კლასელი იყო, ძალიან ვწუხარ...
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მომხდარი თვითმკვლელობა ყოფილიყო...
- ეჭვი შესაძლაო მართლაც არსებობდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ უბედური შემთხვევა უფროა, ვიდრე თვითმკვლელობა. თავის მოკვლას რატომ გადაწყვეტდა?! კი ცხოვრობენ გაჭირვებაში, მაგრამ სოფელში უმრავლესობა ასეა და ამის გამო თავს ვინ იკლავს?! მით უფრო კარგი ოჯახი შექმნა, ანგელოზივით შვილი ჰყავდა...
მასალა სრულად იხილეთ ბმულზე: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






