ჩვილის მასაჟის შესახებ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს ჯანდაცვის სამინისტრო ეხმაურება.
„ინტერნეტ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა Youtube.com-ზე განთავსებულ ვიდეო მასალას, რომელშიც ჩვილს წყალში უკეთებენ ე.წ. „მასაჟს“ (საქართველო). აღნიშნულს ასევე გამოეხმაურა ორგანიზაცია - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ვიდეოფირზე დაფიქსირებული მასაჟის პროცედურა, რადგან, მათი აზრით, იგი შესაძლოა შეფასდეს როგორც ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი. ხსენებულის თაობაზე, ექსპერტული მოსაზრების წარმოდგენის მიზნით, სამინისტრომ მიმართა საქართველოს პედიატრთა აკადემიას. აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ ქეთევან ნემსაძის მოსაზრებით, „ხსენებულ ვიდეო- მასალაში დაფიქსირებული ფაქტი არ შეიძლება იყოს განხილული როგორც გამაჯანსაღებელი პროცედურა (მასაჟი), რადგან არ ეფუძნება ფაქტებზე დაყრდნობილ მედიცინას და არ გამომდინარეობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან“. ამასთან, თითოეულმა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აქტივობას, ვარჯიშისა და მასაჟის შერჩევა და პროცედურების რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებით, პროფესიონალის მიერ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: შოკისმომგვრელი კადრები - ქართველი მასაჟისტის სისასტიკე ბავშვის მიმართ (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები






