და-ძმა, 20 წლის მარიანა და 15 წლის გიორგი ფოცხვერაშვილები და მათი მეგობარი, 21 წლის ვერიკო ზედგინიძე, მოულოდნელად, წყლის სიღრმეში აღმოჩნდნენ და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლეს, თურმე არც ერთმა ცურვა არ იცოდა, ისინი დინებამ გაიტაცა. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მათი მეგობარი, 15 წლის მარი ბერიძე, უკან გამოცურვა მხოლოდ 15 წლის არჩილ ინასარიძემ შეძლო, მან ცურვა იცოდა. თურმე, ცდილობდა მეგობრების გადარჩენას, მაგრამ უშედეგოდ. ყველაფერი ისე მყესეულად მოხდა, ახალგაზრდების მშველელი არავინ აღმოჩნდა. ამ შემზარავ ტრაგედიას მარიანას ორი წლის ბიჭუნაც შეესწრო, ბავშვი მდინარის ნაპირთან იჯდა, 15 წლის ხვიჩა ნაზარეტიანთან ერთად.
შოკში იყო სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მარი ბერიძე. მას ვთხოვეთ, ეს ტრაგიკული დღე გაეხსენებინა:
ჩემი მეგობარი, ვერიკო ზედგინიძე ჩემთან სახლში მოვიდა და მითხრა, მდინარეზე საბანაოდ წავიდეთო. მამაჩემს ვუთხარი, რომ მივდიოდით და სახლიდან გამოვედით. გზად ჩემს მეზობლად მცხოვრებ, ჩვენს მეგობარს, მარიანას და მის ძმას, გიორგის გავუარეთ. გიორგი ჩემი თანაკლასელია, ვერიკომ იმათაც სთხოვა წამოსვლა, მეც ვუთხარი, წამოსულიყვნენ. მეორე დღეს მარიანა თავის პატარასთან ერთად რუსთავში ბრუნდებოდა, იქ იყო გათხოვილი. ცოტა ხნით ჩამოვიდა მშობლებთან, ისიც დაგვეთანხმა, - წამოვალ და ეს დღე მინდა სულ დაგვამახსოვრდესო. მერე ყველამ ერთად აჩიკო ინასარიძეს გავუარეთ, მას არ უშვებდნენ მშობლები, მაგრამ ვერიკომ ისიც გამოაშვებინა. აჩიკოს ბიძაშვილი, ხვიჩაც წამოვიდა ჩვენთან ერთად და ექვსივენი, მარიანას პატარასთან ერთად, წავედით მდინარეზე. GzaPress
სოფელში უფროსი მეგობრებიც გვყავს, ცურვა კარგად იციან, მათთანაც მივედით, მაგრამ ისინი სახლში არ დაგვხვდნენ და გზა გავაგრძელეთ. ძალიან მხიარულად, სიმღერ-სიმღერითა და თავგადასავლების მოყოლით მივედით მდინარესთან. წელამდე წყალი იყო, იქ არ შევედით, რადგან ცურვა არ ვიცოდით და ცოტა მოშორებით წავედით, ვიცოდით, რომ იქ პატარა წყალი იყო. კარგა ხანს მდინარის პირას ფოტოებს ვიღებდით და ვპოზიორობდით, მერე ნაპირზე ვიწუწავეთ ყველამ ერთად, ბოლოს მდინარეში შესვლა გადავწყვიტეთ. აჩიკოს ხელი მოვკიდე, - მეშინია-მეთქი, მეორე მხარეს ვერიკომ მოჰკიდა ხელი და ასე ხელიხელჩაკიდებულები ნელ-ნელა წინ მივიწევდით. უკან მოგვყვებოდა ხელჩაკიდებული და-ძმა, მარიანა და გიორგი, ბავშვი კი ნაპირზე იჯდა და მდინარეში კენჭებს ისროდა, ხვიჩაც არ შემოსულა წყალში, გვითხრა, მე წყლის მეშინიაო. ხვიჩა იქვე ნაპირზე, პატარა წყალში დადგა და იქიდან გვიყურებდა. წელამდე წყალში რომ აღმოვჩნდით, აჩიკოს ვუთხარით, გზა არ გავაგრძელოთ-თქო. ამ დროს, უცებ წავბორძიკდით და სამივენი ჩავცვივდით წყალში. აღმოჩნდა, იქ წყალი ძალიან ღრმა იყო. უკვე ვიფარებოდით. ვერიკოს რომ შევხედე, შიშისგან ძალიან გაფითრებული იყო. ვერიკო ცოტათი ამოვწიე უკან, ვიფიქრე გული არ წაუვიდეს და აქ არ ჩავარდეს-მეთქი. მოულოდნელად მეც ჩავვარდი, მერე არც ვერიკო დამინახავს და არც აჩიკო, წყალში გამწარებული ვიბრძოდი. ფსკერზე ფეხებს ვურტყამდი, ისევ ზევით ვხტებოდი, ჰაერს ჩავისუნთქავდი და ისევ უკან ვვარდებოდი. ერთხელ, რომ ამოვყვინთე, მარიანას ყვირილი გავიგონე, ვაიმე, ჩუსტიო. როგორც ჩანს, გიორგი დაიხარა, რომ მოეძებნა მარიანას ფეხსაცმელი და ამ დროს ორივე ჩაცვივდა. ერთდროულად მოხდა ფაქტობრივად, ყველაფერი. ბევრჯერ ამოვხტი, საშველი აღარ ჩანდა, ვგრძნობდი, ძალაც აღარ მქონდა. სიმართლე გითხრათ, მეტჯერ ამოყვინთვა აღარ მინდოდა, მეგონა, წყალი წამიღებდა. გავიფიქრე - რა აზრი აქვს ასე ხტუნვას, ცურვა მე არ ვიცი და წყალი მაინც წამიღებს-მეთქი, მაგრამ ბოლოს რომ ამოვყვინთე, აჩიკო დავინახე და გული მომეცა, გამწარებულმა კიდევ ერთხელ ამოვყვინთე და შევხტი. ახლა უკვე ყელამდე წყალში აღმოვჩნდი, იქ ჩქარი დინება იყო. როგორც ჩანს, იმ ღრმა ორმოდან ამომახტუნა წყალმა, შემდეგ აჩიკომ ხელი მომკიდა, ხვიჩაც მოვიდა და ამომიყვანეს. ისტერიკულად ვკიოდი. ჩემი კივილი რომ გაიგონა მარიანას ბავშვმა, ისიც ატირდა. ხვიჩას ვთხოვე, სასწრაფოდ ჩვენს მეგობართან, დიმასთან დაერეკა, მან კარგი ცურვა იცის და იქნებ გვიშველოს-მეთქი. დიმასაც დაურეკა და აჩიკოს მამასაც. მე ბავშვისკენ წავედი, ვიფიქრე, დავამშვიდებდი, მაგრამ რომ დამინახა, უფრო შეშინდა. თან უკან მივიხედე მდინარისკენ, არც ერთი აღარ ჩანდა. გავაცნობიერე, ისინი დაიხრჩობოდნენ და ისევ ისტერიკაში ჩავვარდი. ვერ მოვიფიქრეთ, უცებ 112-ში რომ დაგვერეკა. ამ საშინელების შემყურე ხვიჩაც, ძალიან დაიბნა. აჩიკო ეძებდა მათ, მე ვუყვიროდი, - ღრმად არ შეხვიდე-მეთქი. შემეშინდა, ისიც არ წაეღო წყალს. მართლა დაიხრჩობოდა, რადგან ძალიან ღრმა იყო. აჩიკომ ცურვა ისე იცოდა, თავი რომ გადაერჩინა. დაახლოებით 10-15 წუთში მოვიდნენ აჩიკოს მამა და სხვები. მანამდე ხვიჩა ამშვიდებდა ბავშვს, მე და აჩიკო კი პატარა წყლისკენ გავიქეცით, ვფიქრობდით, წყალი მათ იქითკენ წაიღებდა. ცოტა მოშორებით მეთევზე იყო, იმას ვეძახდი, მაგრამ სანამ ახლოს არ მივედი, ვერაფერი გავაგონე. თავიდან ჩვენს დასახმარებლად მოსულებიც პატარა წყლისკენ ეძებდნენ ბავშვებს. მათ დარეკეს 112-ში, როცა ხალხი დავინახე, უკვე ძალაც გამომელია, თან პანიკაში ვიყავი, ბევრი წყალი მქონდა ნაყლაპი, ხმაც ჩამიწყდა... მერე აღარაფერი მახსოვს, სრულ ისტერიკაში ვიყავი. თურმე ზემოთ მწყემსები ყოფილან, რომ გვეყვირა ყველას ერთად, იქნებ იმათ გაეგონათ და დაგვხმარებოდნენ. მე ხმაც ჩაწყვეტილი მქონდა, ხვიჩაც პანიკაში იყო და არ გვიყვირია... პოლიციაც მოვიდა, მითხრეს, - არსად წახვიდეო. ორი საათი ვიჯექი პოლიციის მანქანაში, იქ მყავდა მარიანას პატარა, რომელიც წარამარა იძახდა, - დედა წყალშია და მალე მოვაო.
მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: gzapress.ge
მასალის გამოყენების პირობები






