ორმეთელები თემის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში და გაცემული დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ თუ ამ სოფლის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლება უყურადღებობას გააგრძელებს, სოფელი უფრო მასშტაბურ აქციებს გამართავს.
ციური ასანიძე: „ჩვენთან აბსოლიტურად არაფერი არ არის, გზა მაგალითად სასწრაფოს რომ გამოვიძახებთ, სანამ ის ადგილზე მოვა ავადმყოფი უკვე გასწორებულია. არ არის გამრიცხველიანება და ამ კომუნალური მრიცხველების გადამკიდე ხალხი ერთმანეთს ვხოცავთ. ყველანაირად მივიწყებულები ვართ. დაპირება, დაპირება დაპირება და მორჩა. მეტი არაფერი.“
გივი ხომერიკი: „კაცი პატრონი არაა, თებერვალში გაკეთდება ხაზებიო და მეორე თებერვალი მოდის აგერ და არაა. არასფერი არ კეთდება საერთოდ. აგერ სახლი მენგრევა სტიქიიდან, მოვიდნენ აზომეს, წაიღენ ზომა, თუ არ მეხმარები რად მინდა მე ზომა, ქე აქვენ ოზურგეთში. არჩევნების წინ რაც დაგვპირდეს ახლა ყველაფერი გაკეთებული უნდა იყოს, მარა არის რამე გაკეთებული? უწყლოდ იხრჩობა ხალხი. სამი კილომეტრიდან ვზიდავთ.“
მარი ახალაძე: „წელიწადში ერთხელ ჩამოდის ჩემი გოგო და გაქცევაზეა, ელემენტარულად ბავშვი ვერ დაგვიბანია. ახალგაზრდები აღარ ჩერდებიან სოფელში. სტუმრადაც არ მოდიან. დავიღალეთ დაპირებებით.“
ოტია ხომერიკი:“პირველი მოთხოვნა ამბულატორიაა, „ნაციონალებმა, გააკეთეს, გადახურეს, უნდა გაეხსნათ, მოვიდნენ აგენი და სამი წელია ვერ გახსნეს. თავს საერთოდ არ იწუხებენ თავს-ტუალეტი ვერ დადგენ. ელემენტარული სანაგვე ურნაც კი ვერ დადგეს. გზა-ვერცერთ უბანში მანქანით ვერ შეხვალ, ოთხი ოჯახი მთლიანადაა მოწყვეტილი გარესამყაროს. კარიერი გახსნეს ახლა და 10 ჰექტარი საყანე ფართობი დავკარგეთ, გვანგრევს სოფელს ეს კარიერი. გადავკეტავთ გზას აუცილებლად“.
ლუარა ქარჩავა: „ეს სოფელი რომ დაჩაგრულია არა მგონია სადმე მსგავსი რამ ხდებოდეს. კაცი ავად გახდა და ბამბუკზე დააკონეს „ადეიალა“ და ისე მიიყვანეს სასწრაფოსთან, გზა არაა და რა ექნათ. აი მთავრობა იძახის ვაკეთებთ, ვაკეთებთო და ვერ ვხედავთ გაკეთებულს ვერაფერს.“
ომარი სირაძე: „შეხედე ახლა, აი კომუნისტების დაგებული გზაია, ერთი „ლაფათქა ხრეში“ არაა დანაყარი მერე. იმდენი რამე დაგვპირდნენ მარა ვინაა გამკეთებელი. მოვა მთავრობიდან ერთი წავა, მოვა დაგვხედავს წავა და მოვა აგი არჩევნები კიდევ და ვნახავთ. ნათქვამი რომაა მგელი, მგელიო და არავინ ყურადღება არ მიაქცია, მასე იქნება ზუსტად არჩევნებზე. ახლა აი ამბულატორია სერგეენკომ ხომ არ უნდა გახსნას? ადგილზე არ უნდა დაინტერესდეს ვინმე? ტუალეტია დარჩენილი და იგი ვერ დუუმთავრებიენ. ჩვენ ვიზამთ თქვა ვუთხარით მარა არ გვანებებენ.“
ერთადერთ რამ, რაც ახალი ხელისუფლების დროს ორმეთში, ადგილობრივთა ინფორმაციით გაკეთდა, მოსაცდელია, თუმცა მოსახლეობა გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ამ მოსაცდელის გაკეთებაზე 5 ათასი ლარია გაწერილი, მაშინ როცა, მათივე თქმით: “გასკდა ქვეყანა 1 500 ლარი დამჯდარიყო.“
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






