მოსავლის მოწევის დაწყებისთანავე თხილის შესასყიდი ფასი გურიაში რამდენჯერმე მკვეთრად შეიცვალა. თავდაპირველად თხილით ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე კილოგრამზე 6 ლარიდან დაიწყო, მალევე 3 ლარზე ჩამოვიდა, ხოლო ახლა ბერძულას სახეობის თხილი 4 ლარი და 50 თეთღი ღირს, გულშიშველას ფასი კი ოზურგეთის თხილის მიმღებ პუნქტებში 4 ლარია.
თხილზე შემცირებული ფასი ადგილობრივ ბაზარზე უკვე შენარჩუნებულია. გლეხებს თხილზე ფასების მკვეთრი ვარდნა საეჭვოდ მიაჩნიათ და ექსპორტიორი კომპანიების მხრიდან კარტელურ გარიგებაზე საუბრობენ, ანუ თხილის ექპორტიორები ერთმანეთში თანხმდებიან მოსახლეობისგან თხილის შესასყიდ ფასზე და მას ხელოვნურად აგდებენ.
„მაფია ჩაერთო ბიზნესში და დააგდეს ფასი, აბა 6 ლარი თუ ღირდა ორი კვირის წინ 4 ლარზე რატომ ჩამოვიდა ფას?!. გლეხის ნაშრომზე ესენი მილიონებს მოიგებენ, ეს ასე იყო ყოველთვის.“ - აცხადებს ადგილობრივები.
როგორც გურულები ამბობენ, დაბალი ფასი თხილზე დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში შენარჩუნდა. გლეხები ამბობენ, რომ ასეთი რამ სეზონზე ხშირად ხდება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოსავალი ჯერ სრულად არ აუღიათ. ახლა სწორედ ის დროა, როცა მოსახლეობისგან თხილის შეძენა ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს. გლეხები შიშობენ, რომ მაღალი საბაზრო ფასი თხილზე დიდი ხნის განმავლობაში არ შენარჩუნდება და შესაძლოა ის რამდენიმე კომპანიამ თავის ინტერესებს მოარგოს.
„6 ლარი ღირდა და უცებ დაუგეს ფასი. თხილი ბლომად გვაქვს და ვინაიდან მუშახელის დაქირავების საშუალება არა გვაქვს, ოჯახის წევრები დამოუკიდებლად ვაგროვებთ მოსა-ვალს. წელს ძალან კარგი მოსავალი მოვიდა, მაგრამ მზემ მოხალა და ფუჭდება. უჭირს, მაინც ყიდის თხილს დაბალ ფასად, ვისაც არა და ფასის აწევას ელოდება.“ - აცხდებს ადგილობრივები.
როგორც ცნობილია, თხილის ფასს თურქეთის ბაზარი განსაზღვრავს და სწორედ თურქეთზე დამოკიდებიული თუ რა ეღირება თხილი საერთაშორისო ბაზარზე. ხომერიკის თქმით, წელს თურქეთში თხილის კარგი მოსავალი და ის არ გამორიცხავს, რომ თურქეთმა, შესაძლოა, თხილის ნაწილი "დამალოს", რითაც ბაზარზე მაღალი ფასის დაჭერას შეეცდება.
თხილის ექსპორტიორთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ 25 აგვისტომდე თურქეთში თხილის ღირებულება საბოლოდ დადგინდება და სწორედ ამის შემდეგ თხილის გადამამუშავებელი ქართული საწარმოები მის შეძენას დაიწყებენ. ხომერიკი აცხადებს, რომ ამ დრომდე საწარმოები თხილის შეძენისგან თავს იკავებენ, რასაც ორი ფაქტორი განსაზღვრავს - ესაა თხილის მაღალი ტენიანობა და გაურკეველი ფასი. თუმც ამ დროისათვის სამეგრელოსა და გურიაში მაღალი ხარისხის თხილის შეძენა 4 ლარად 50 თეთრადაა შესაძლებელი.
ქართული თხილის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი ევროპის ქვეყნებია. ევროკავშირში გაუტეხავი თხილი და თხილის გული, საქართველოს გარდა, კიდევ რამდენიმე ქვეყანას გააქვს, მათ შორის: თურქეთს, ჩილეს, საფრანგეთს, აშშ-ს, აზერბაიჯანს, იტალიასა და ჰოლანდიას. ევროპის ბაზარზე საქართველო, თურქეთთან ერთად, თხილის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად ითვლება.
თხილის ქარხნის წარმომადგენელი ლადო გერგედავა ამბობს, რომ თურქი ბიზნესმენები ქართული თხილით კვლავ დაინტერესდნენ. ამ რამდენიმე დღის წინათ, თხილის ფასის რეკორდული გაძვირების მიზეზი სწორედ ეს ფაქტორი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






