თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა საქარე მინა ჩაუმტვრია. როგორც „ნიუპოსტს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
მათი ინფორმაციით, სასწრაფო დახმარება 22 წლის ორსულმა გოგონამ გამოიძახა, რომელსაც მუცლის არეში ტკივილი აღენიშნებოდა.
„ექიმებმა გადაწყვტიეს მისი გადაყვანა კლინიკაში, რომ შემდგომი შესაძლო გართულებები აცილებული ყოფილიყო თავიდან. გოგონას ტრანსპორტირების დროს მასთან იმყოფებოდა დედა, თუმცა შემდეგ მათ შემოუერთდათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, რომელიც ორსულის მეუღლე იყო. მათ შორის მანქანაში კონფლიქტი განხორციელდა. მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ თვითონ წაიყვანდა მეუღლეს კლინიკაში, რაზეც სამედიცინო ბრიგადა დაეთანხმა და ისინი ჩამოსვეს მანქანიდან, თუმცა არ დატოვეს ტერიტორია მანამ, სანმა პაციენტს მიმავალს ხედავდნენ. ამაზე გაღიზიანდა მამაკაცი. სასწრაფოს ბრიგადას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჩაუმსხვრია საქარე მინა“, - აცხადებენ პრესსამსახურში.
მათი ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. მამაკაცი დაკავებულია.
როგორც "ნიუპოსტს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






