გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში სამეზობლო დავაზე ძიება მიმდინარეობს. საქმე სსკ-ის 125-ე მუხლით არის აღძრული, რაც ცემას გულისხმობს.
დავაში მონაწილე ბელა იასეშვილმა (ვისაც უკბინეს) კონფლიქტის დღე გაიხსენა.
„ვიცოდი, რომ პური უნდა გამოეცხოთ. მივედი და დავუძახე. ვინც მიკბინა, მაგის ქმრის ბებიამ მითხრა, ასეთი ადრე რატომ მოხვედი, მე შენი მოახლე კი არ ვარო. ამ დროს პატარძალიც გამოვარდა, ხელი მკრა, გადამაგდო და ცემა დამიწყო. წამაყარა თავში და მუცელში. დამწვდა, მიკბინა და ხორცი ამომაგლიჯა, ხელი გაუბედურებული მქონდა. მალამოებით ძლივს მოვირჩინე. რომ ვეღარაფერი გავაწყე, „მილიცია“ გამოვიძახე. მე მაბრალებენ, გვცემაო. თუ მართლა მასეა, მაშინ გიჟი ვყოფილვარ, მე დავუწყე ცემა და პატრულიც გამოვიძახე?!“
კონფლიქტში მონაწილე მეორე ქალბატონმა (ვინც უკბინა) ჩვენთან საუბარი არ ისურვა. მომხდარი ქმრის ბებიამ გაიხსენა, რომლის მიზეზითაც დაიწყო კონფლიქტი. „
მაგ ქალს ფსიქიური პრობლემები აქვს. ჯერ ისევ ბნელოდა, დაახლოებით დილის 4 საათი იქნებოდა, როცა ხმაური გავიგე. გამეღვიძა, დავინახე, ოთახში ჩემგან მოშორებით იდგა. ვუთხარი, ამ დროს აქ რა გინდა-მეთქი, როგორ თუ რა მინდა, პური გამოვაცხოთო. სახლში მარტო მე, რძალი და პატარა ბავშვი ვიყავით. მწოლიარეს მომვარდა და გადმომაგდო. ვუთხარი წადი–მეთქი. ჯოხი იდო პატარა, იმით მცემა. თრევით გადამიყვანა და გარეთ ქვიშაზე დამაგდო. ამ დროს, ხმაურზე პატარძალიც გამოვარდა, უთხრა რა გინდა, ბავშვს ბნედა უნდა დასცეო?! მეგონა, სახლში წავიდა, თურმე კარებთან ყოფილა დამალული. ამასობაში გათენდა კიდეც. გავედი ძროხა ავუშვი. კარები გავაღე, მომვარდა და პირქვე წამაქცია. ხმაურზე რძალი გამოვიდა, ვეღარ ამგლიჯა, მეტი რა გზაღა ჰქონდა, ადგა და კბილები მოუჭირა, იქნება ასე მაინც შეეშვასო. ლამის მომკლა და აბა როგორ უნდა მოქცეულიყო?!“- ამბობს ნარგიზი ყაჭიური.
მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: http://speqtri.ge/
მასალის გამოყენების პირობები






