ოქურგეთში, გურამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ნატო მენაბდე, რომელიც უკვე ოცი წელია სავარძელსაა მიჯაჭვული,. სოციალური შემწეობის მონაცემთა ბაზიდან ამოიღეს, როგორც თავად გვიყვება, ორჯერ ერთი და იგივე ქულა დაუწერეს.
ის ამჟამად 16 წლის შვილთან ერთად, დედის სახლში ცხოვრობს და მისივე თქმით, თავის გატანა იმ 150 ლარით უწევთ, რომელიც პენსიის სახით ერიცხება:
_ ოცი წელია სავარძელს ვარ მიჯაჭვული, შვილიც ასეთ მდგომარეობაში გავაჩინე, თავდაპირველად სოციალურ დახმარებას ვიღებდი, თუმცა გადამოწმება ძალიან ხშირად ხდებოდა. ბოლოს მოვიდა აგენტი და სოციალურიც მომეხსნა. ჩემნაირ ადამიანს როგორ შეიძლება სოციალური დახმარება არ ჰქონდეს? ეჭვი მაქვს, რომ ბოლოს მოსულმა აგენტმა მონაცემები არ გადააგზავნა თბილისში და ამის გამო ორჯერ ერთი და იგივე ქულა მოვიდა, ვითხოვ, დამენიშნოს დახმარება და ამიხსნან სააგენტოს წარმომადგენლებმა, რატომ ხდება მსგავსი რამ. უცნაურია კიდევ ის ფაქტი, რომ თბილისიდან ჩამოსულ აგენტებსაც ჩემთან აგზავნიდნენ გადასამოწმებლად, რატომ ხდება, რა უნდა ჩემთან სააგენტოს, ან რა საეჭვო ნახეს, ვერ ვხვდები, _ გვეუბნება ნატო მენაბდე.
ქალბატონი გვიყვება, რომ მის მდგომარეობა გაუსაძლისია, ის მუდმივად საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას, თუმცა მისი შეძენის საშუალება არ გააჩნია:
_ უკვე წლებია სავარძელს ვარ მიჯაჭვული, დიდი წონის გამო, ხშირად ღია ჭრილობები მიჩნდება, მაწუხებს თირკმელებიც, ექიმთან მისვლას კი ვერ ვახერხებ, არც საშუალება მაქვს და ვერც ფიზიკურად ვერ ვახერხებ. მიუხედავად იმისა, რომ პანდუსი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის დახმარებით, ორი წელია სპეციალურად ჩემთვის გაკეთდა, ჩასვლა და ამოსვლა მიჭირს, გადაადგილებისთვის დახმარება მჭირდება. ქალბატონი ნატო ამბობს, რომ მოხსნილი სოციალური შემწეობის გამო შესაძლოა მის შვილს, რომელიც ამჯერად წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მოსწავლეა, სკოლაში ვერ გაუშვას რადგან სოციალურად შეჭირვებულთა ბაზაში ყოფნის დროს სწავლის საფასურს არ იხდიდნენ, დახმარება ჰქონდათ სასწავლო წიგნებსა და ნივთებზე, რაც ამჯერად შეუძლებელი გახდება:
_ შვილი გიმნაზიაში სწავლობს, როცა სოციალურს ვიღებდით, სწავლა უფასო იყო, წიგნებსაც უფასოდ გვაძლევდნენ ხოლმე, ახლა კი არ ვიცი რითი უნდა შევძლო იმ თანხის გადახდა, რაც წელიწადში არის გადასახდელი.
ნატო მენაბდე აცხადებს, რომ დახმარება ხშირად მიუღია მერიის მხრიდან. ის იმ სიაშიც მოხდა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის გამგეობა მერიის დასახლებაში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არსებული საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციის შემდეგ უსახლკაროების შესახლებას გეგმავს.
ნატო მენაბდის მძიმე და გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება მისი მეზობელიც, რომელიც გვიყვება, რომ ფართის უკმარისობის გამო ნატოსა და მის 16 წლის შვილს ერთ საწოლში სძინავთ, შექმნილი მდგომარეობისა და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ის ატირებულიც ხშირად უნახავს:
_ რამდენჯერ დავდგომივარ თავზე, როცა ტიროდა. ეზოშიც ვერ გადის, ამას ემატება ისიც, რომ მხოლოდ 150 ლარიანი პენსიით თავისა და მოზარდი შვილის გატანა ძნელია, სოციალურ სააგენტოსთან მეც გამაჩნია პრეტენზიები. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ყველა დაუსაქმებელი ვართ, არც ახალი ტექნიკა გამაჩნია და დღემდე ძველ „კორფუჯის“ ტელევიზორს ვუყურებთ, სოციალურს მაინც არ გვინიშნავენ. მეტიც, აგენტმა შეუარცხყოფა მომაყენა და ისე დამტოვა. ჩემზე არ ვსაუბრობ, ასეთ გაჭირვებულს თუ არ უნიშნავენ, მე ვინ დამინიშნავს? _ აცხადებს ქალბატონი როზა ჩხარტიშვილი.
რაც შეეხება ოზურგეთის სოციალურ სააგენტოს წარმომადგენლებს, ნატო მენაბდესთან დაკავშირებით გვეუბნებიან, რომ დეკლარაციის შევსება კანონის სრული დაცვით მოხდა და სააგენტოს აღნიშნული პიროვნების მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნია. დეკლარაციაში არსებული დეტალების შესახებ კი ინფორმაციას ჩვენ ვერ მოგვაწვდიან და დეტალებზე მხოლოდ ოჯახის წევრთან ან თავად ქალბატონ ნატოსთან არის საუბარი შესაძლებელი.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






