ხელისუფლებისგან მიტოვებულ სოფელში ადგილობრივების თქმით, ცხოვრება დღიდითდღე უარესდება, რის გამოც მოსახლეობა სოფელს ტოვებს.
ხანის მცხოვრებლების ძირითადი შემოსავალი პენსიაა. ვისაც საქონლის მოვლა შეუძლია, მესაქონლეობასაც მისდევს: „ჩვენს ყოფას ცხოვრება არ ჰქვია, გაჭირვებულ დღეში ვართ. წამოვიდა მეწყერი, დაგვინგრია სოფელი, დაგვინგრია სახლები, გადათელა ჩვენი ნაკვეთები. დავრჩით ადამიანები ღვთის ანაბარა. ჩვენი პატრონი არავინ არ არის. წვიმის დროს ჩემს ეზოში მოსვლა შეუძლებელია. ვართ ასე დარჩენილები. რაიონის გამგეობას დახმარების თხოვნით რამდენჯერ მივმართეთ და გზის გარკვეული ნაწილი შეაკეთეს. უკვე აღარც მივმართავთ. დავიღალეთ. იმედგაცრუებამ დაგვღალა. შარშანაც გვითხრეს, ვისაც მეწყერმა ზარალი მოგაყენათ, ან სახლი დაგენგრათ, დაგეხმარებითო, მაგრამ ჩვენთვის ერთი თეთრი არავის მოუცია. არ ვიცი, რისთვის აცხადებენ, რომ სტიქიით მიყენებულ ზარალს კომისია ითვლის. დაზარალებულისთვის არაფერი არ არის და კომისია ზარალს რისთვის ითვლის? წასასვლელი, რომ მქონდეს, აქ არ გავჩერდებოდი.“ - ამბობს გულნარა ჭელიძე.
პოლიტიკა ამ სოფელში ყველაზე ნაკლებად აღელვებთ. აქ, არც ,,მიშისტები" არიან და არც ,,ბიძინისტები". ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია. ოჯახების ნაწილში არც ის იციან, ვინაა ჩოხატაურის დეპუტატი: „არ ვიცი ვინაა დეპუტატი, არასოდეს მოსულა ამ სოფელში. არ იციან, რომ ვარსებობთ? ეს დეპუტატები რისთვის გვყავს, ვერ გავიგე? ჩვენი გასაჭირი ვიღაცამ ხომ უნდა მიიტანოს ხელისუფლების ყურამდე? ვუძლებთ ამ პირობებს, სხვა გზა არ გვაქვს. დავრჩებით რამდენ ხანსაც გავძლებთ. ათი სული ვართ ოჯახში და იმის შიშით ვცხოვრობთ, მეწყერმა არ წაგვიღოს. მოვიდნენ გამგეობიდან, შეამოწმეს ჩემი საცხოვრებელი პირობები და დაადგინეს, რომ აქ ცხოვრება შუძლებელია, სად წავიდე ან რით წავიდე? ან თუ არ შეიძლება აქ ცხოვრება, ხელისუფლებამ ხომ უნდა მოგვაქციოს ყურადღება? რომ მიჭირდა, იმიტომ დავწერე განცხადება, რომ დავიხოცებით აქ, მერე მოვლენ ალბათ“. გვითხრა გულნარა ჭელიძემ. ხანის დასახლებაში თვლიან, რომ აქ დარჩენილი ოჯახებიდან, ყველა სოციალურად დაუცველია. რადგან ახალგაზრდების დასაქმების არანაირი საშუალება არ არის. ისინი სეზონურად თურქეთში დადიან ჩაის საკრეფად და ოჯახებს სწორედ ასე არჩენენ: `თურქეთია ჩვენი მარჩენალი. მთელი ზაფხული იქ ჩაის ვკრეფთ, რომ ოჯახი ვარჩინოთ. ყველაზე დიდი 3 000 ლარი გამომიმუშავებია სეზონზე, მაგრამ ამ თანხით მთელი წელი ოჯახს ვერ შეინახავ. ჩვენ სტაბილური სამუშაო გვჭირდება. მოხუცები პენსიით ირჩენენ თავს და ვისაც საპენსიო ასაკი არ გვაქვს, ჩვენ რა ვქნათ? სასმელი წყალი რომ პრობლემა გახდება ეს ცხოვრებაა? მთავრობას რომ ჰკითხო, ყველაფერს აკეთებს ჩვენს დასახმარებლად. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ახლა შეაკეთეს გზა, სასწრაფო ვერ მოდიოდა ჩვენამდე. ამ სოფელს პატრონი არ ჰყავს. ყველა ხელისუფლება გვპირდება და გვატყუებს”. – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






