ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ადასტურებს, რომ იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოლიმპიადის გახსნის დეტალებზე ესაუბრა.
მისი თქმით, ადმინისტრაციას ისიც აცნობა, რომ ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით პრემიერი მიმართავდა, რადგან ეს წინასწარ იყო გაწერილი.
„პრეზიდენტის პროტოკოლი დაგვიკავშირდა. მათ ავუხსენით ღონისძიების მიმდინარეობა. ვთქვი, რომ პრემიერი ხსნიდა ოლიმპიადას ორი სიტყვით. ჩემი აზრით, როდესაც ასეთი დონის ღონისძიება ტარდება, ვფიქრობ ყველა უნდა დაესწროს მას. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა არ ყოფილა დაგეგმილი. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვარ და მეც არ გამოვსულვარ სიტყვით. ეს არ იყო წინასწარ გაწერილი. გაწერილია მხოლოდ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და ჩვენი ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი. სურვილი მქონდა, რომ მოსულიყო პრეზიდენტი, მაგრამ არ მოვიდა. როგორ წარმოგიდგენიათ პრეზიდენტი რომ მოსულიყო ღონისძიებაზე ადგილი არ ექნებოდა? რა თქმა უნდა ექნებოდა და გათვალისწინებულიც იყო მისი მოსვლა“, - განაცხადა ხაბელოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






