პროგრამის მიზანია კულტურულ, შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებებში შშმ პირთა მონაწილეობისა და საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების გზით მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროგრამის ბიუჯეტი 400 ათასი ლარია და წლის ბოლომდე მისი ბენეფიტით 5000-ზე მეტი შშმ პირი ისარგებლებს.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, პროგრამის ფარგლებში მარტიდან დღემდე, შშმ პირთა, მათ საკითხებზე მომუშავე და წარმომადგენელი ორგანიზაციების 16 პროექტი დააფინანსა, რისთვისაც 250 ათას ლარზე მეტი გამოიყო.
როგორც მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, დაფინანსებულ პროექტებს შორისაა - უსინათლოთა პერსონალური ასისტენტის (გამცილებლის) მომსახურებით უზრუნველყოფის პროექტი, რითიც თვეში 80 უსინათლო სარგებლობს, უსინათლოთა ჟურნალ „სინათლის“ ბრაილის შრიფტით ბეჭდვის პროექტი, ახალგაზრდა სურდო-თარჯიმნების მომზადების პროექტი, სპინალური დაზიანების მქონე პირთათვის „დამოუკიდებელი ცხოვრებისა და რეაბილიტაციის ბანაკის“ პროექტი, ანა გოგუაძის გამოფენის „აპრილი პარიზში“ დაფინანსების პროექტი, სპექტაკლები შშმ პირთა მონაწილეობით, პარაკალათბურთისა და პარაორკესტრის პროექტები. ასევე, თბილისის მერია 2015 წლის ივნისიდან შშმ პირთა დღის ცენტრების 18 წელს ზევით ბენეფიციართა დაფინანსების პროცესის თანამონაწილე გახდა.
დედაქალაქის მთავრობისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება პრიორიტეტულია და ამ პროცესში შშმ პირთა მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. „აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ პროცესში გადამწყვეტია შშმ პირთა აქტიურობა და ჩართულობა, რასაც მერია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






