სემეკში ჯერ ნაადრევს უწოდებენ საუბარს იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ს.ს. „თელასის“ მიმართვასთან დაკავშირებით.
როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ამბობენ, გადაწყვეტილების მიღებამდე შესწავლილი უნდა იქნეს დოკუმენტაცია, სადაც „თელასი“ ტარიფის კორექტირების მოთხოვნის მიზეზს განმარტავს.
„თელასმა“ გუშინ შემოიტანა განაცხადი ტარიფის კორექტირების კუთხით. მოთხოვნა არის იგივე, რაც ჰქონდა „ენერგო პრო ჯორჯიას“. ეს არის შესყიდვის ღირებულების გაზრდა. შესაბამისად კომპანია ითხოვს, რომ ამ ტარიფის კორექტირება მოხდეს. საუბარი გადაწყვეტილებაზე ნაადრევია. საუბარია იმ ინფორმაციის შემოწმებაზე და კალკულაციაზე, რომელიც კომპანიამ შემოიტანა. ეს მოცულობით დოკუმენტაციაა. მისი შესწავლის შემდეგ იქნება კომისია მზად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, - ამბობენ სემეკში.
ამ ეტაპზე არც "თელასი" არ აკონკრეტებს რა ოდენობით ითხოვს სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას. კომპანიაში მოთხოვნას 3 არგუმენტით ასაბუთებენ. ეს არის ვალუტის გაუფასურება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაძვირება და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის გაზრდა.
შეგახსენებთ, სს "თელასმა" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით გუშინ მიმართა.
მანამდე სემეკს ტარიფის კორექტირების თხოვნით „ენერგო პრო ჯორჯიამ“ მიმართა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის გადაწყვეტილებით, 1 აგვისტოდან „ენერგო პროს“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3.95 თეთრით გაძვირდება.
მასალის გამოყენების პირობები






