გურამ ჩალაგაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს ორი ალტერნატივის წინაშე დგას, ან გაზრდილ ტარიფს მთავრობა დაფარავს სუბსიდირებით, რაც ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას გამოიწვევს, ან კომპანიები ელექტროენერგიას შეზღუდული რაოდენობით გაყიდიან და დენზე გრაფიკი დაწესდება.
„სემეკმა თბოსადგურებს ტარიფი 3 თეთრით გაუზარდა. როდესაც უძვირდება კომპანიას ელექტროენერგიის ღირებულება, ნიშნავს იმას, რომ ისედაც ცუდ დღეში მყოფი კომპანიები კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩავარდებიან, მაგრამ ეს კომპანიებს არ დაეტყობათ მიმდინარე წლის ნოემბრამდე, ვინაიდან თბოსადგურების გამომუშავება არის უმნიშვნელო, რადგან საქართველოს არ სჭირდება, წყალი არის უხვი და ჰიდროელექტროსადგურები გამოყოფენ ენერგიას. რაც შეეხება ზამთარს, თუ არ გაიზრდება ენერგოპროს ტარიფი და შემდგომ თელასის, ზამთარში ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უშუქობა გვემუქრება.
ენერგოპრომ ტარიფის მომატებაზე შეიტანა განაცხადი და მოითხოვა ტარიფის გაზრდა, ეს მაშინ, როდესაც შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი მათთვის იყო 7.4 თეთრი დღეს კი შესასყიდი ტარიფი უკვე არის 10.3 თეთრი, ეს ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ენერგოპრომ ტარიფი უნდა გაზარდოს იმაზე მატად, ვიდრე მან მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას მოუწევს ზარალზე მუშაობა. ამ შემთხვევაში ეს კომპანია შეეცდება რომ რაც შეიძლება ცოტა ელექტროენერგია გაუშვას ქსელში, რომ მიიღოს ნაკლები ზარალი, ვიდრე მაშინ, როდესც ექნება სრული დატვირთვა.
მთავრობამ იცის მოსალოდნელი შედეგების შესახებ. კახა კალაძემ გააკეთა ამ თემაზე კომენტარი, რომ ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, მთავრობა იმსჯელებს მოხდება თუ არა სუბსიდირება. სუბსიდირება კარგი იქნება რიგითი მომხმარებლისთვის მაგრამ ამას აქვს ძალიან ბევრი უკუშედეგი. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარით მეტი სუბსიდირება უნდა მოხდეს ენერგოსექტორში. ამ შემთხვევაში ლარი, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება და კურსს ვერავინ ვერ დაიჭერს. ან მოგვიწევს გაუფასურებული ლარის პირობებში ცხოვრება და გვექნება ელექტროენერგია, ან ვიქნებით ჩაბნელებულ საქართველოში“ - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა "ნიუპოსტთან" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






