გადაწყვეტილება სამშენებლო ტენდერში მონაწილე საერთაშორისო კომპანიებიდან „სალინი იმპრეჯილოს“ (Salini Impregilo) არჩევის თაობაზე „ქეი ვოთერმა“ (K Water) საპარტნიორო ფონდსა და საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით სეულში სამუშაო შეხვედრაზე მიიღო.
„ქეივოთერსა“ (K Water) და „სალინი-იმპრეჯილოს“ (Salini Impregilo) შორის ხელშეკრულება ნენსკრა ჰესის სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ“ კი თბილისში, საპარტნიორო ფონდის ოფისში გაფორმდა.
„სალინი-იმპრეჯილოს“ (Salini Impregilo) პორტფელში შედის 240-მდე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ცნობილ იტალიურ კომპანიას ჰიდროელექტროსადგურებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და უკვე მრავალი წლის განმავლობაში კომპანია ითვლება მსოფლიო ლიდერად ჰიდროენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს ზაფხულის ბოლოს დაიწყებს.
ნენსკრა ჰესის მშენებლობაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში პრეტენდენტთა შორის იყვნენ მსოფლიოში ცნობილი ევროპული, კორეული და თურქული კომპანიები, რომლებიც ინვესტორმა „ქეი ვოთერმა“ (K Water) საერთაშორისო კონსულტანტების, Fichtner, Allen&Overy, IFC, BNP Paribas-ის მონაწილეობით შეარჩია.
პროექტის ინვესტორია სამხრეთ კორეული კომპანია K Water, რომელიც საპარტნიორო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. ცნობილია, რომ ნენსკრა ჰესის განხორციელების პროცესში EBRD ჩაერთო და ბანკი მზადაა ჰესის მშენებლობის დაფინანსებაში მიიღოს მონაწილეობა.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ დოლარი.
280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. პროექტი 2021 წელს დასრულდება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.
მასალის გამოყენების პირობები






