ნათია ღლონტი ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან, საქმის ხელოვნურ გაჭიანურებაზეც საუბრობს.
შემთხვევა გასული წლის 26 დეკემბერს, ლანჩხუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მოხდა.
ნათია ღლონტი დაზარალებულად ცნობას ითხოვს.
“მიმდინარე წლის 28 თებერვალს გავეცანი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რაც საფუძველი იყო ჩემი დაზარალებულად ცნობისა, ამ დრომდე არ ვარ დაზარალებულად ცნობილი. პროკურატურა, ფაქტიურად უარს ამბობს ჩემი ინტერესების დაცვაზე. ჩემი აზრით, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ერთ-ერთი მორიგე ექიმი, ნანი ქევხიშვილი, რომელიც ფიგურირებს მარიამ ვაშაძის გარდაცვალების საქმეში, არის ოზურგეთის პროკურატურის პროკურორის, შოთა ჩხაიძის დედა. 5 მარტს გაიმართა საბოლოო კომისიური ექსპერტიზა და დღემდე არ არის დასკვნა, რომელიც ჩემთვის, ანუ ოჯახისათვის დღემდე ცნობილი არ არის. ჩემი აზრით ესეც განზრახ ჭიანურდება. რადგან, სანდო წყაროდან მაქვს ინფორმაცია, რომ ორჯერ გამოიყო ექიმები, უნდა მომხდარიყო დასკვნის დადება, თუმცა „ზემოდან“ ვიღაცამ ორჯერვე „დაბლოკა“. მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ექიმის, რომელიც ჩემი შვილის საქმეში ფიგურირებს, ნათესავი, ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია. მოვითხოვ, რომ მცნონ დაზარალებულად. რადგან შემეძლოს დამოუკიდებლად ვაწარმოო საქმე სხვადასხვა ორგანოებში-იქნება ეს სასამართლო თუ შესაბამისი ინსტანციები“ - აცხადებს ნათია ღლონტი.
მარიამ ვასაძის დედის, ნათია ღლონტის განცხადებით, ამ დღეებში, ლანჩხუთში პრესკონფერენციის გამართვას აპირებს, რომ საზოგადოებასა და ჟურნალისტებს შველა სთხოვოს.
ღლონტი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ექიმთა დაუდევრობის მსხვერპლი გახდა.
„ჩემს შვილს არაფერი ეშველება, მაგრამ არ მინდა სხვა დედები ჩემს დღეში ჩავარდნენ“ - აცხადებს ღლონტი.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






