14 ივნისს სტიქიური უბედურების ღამეს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა, მამა გიორგი, მოუშუშებელ ტკივილს უძლებს და მაინც ამბობს, რომ შესაძლოა უკეთესიც იყოს, მისი შვილი უფალმა ამქვეყნიდან რომ გაიყვანა. დაღუპულ გოგონას 8 დედმამიშვილი ჰყავდა. 19 ივლისს თავად მას 24 წელი შეუსრულდებოდა. წყალდიდობამ მისი მეგობრის მარიამ ქუთელიას სიცოცხლეც შეიწირა. ივლიტას ქმარი დათო სიხარულიძე კი მოვარდნილ ღვარცოფს სასწაულებრივად გადაურჩა.
როგორც ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას მამა გიორგიმ განაცხადა, ივლიტას მეუღლე ამჟამად მონასტერში იმყოფება.
„ძალიან ცუდად არის. ჩვენ მრავალრიცხოვანი ოჯახი გვაქვს. ბავშვები გვყავს სახლში. მას კი ცხოვრება უაზრობად ექცა... დათო ახლა ქარელის რაიონში მონასტერშია წასული. აქ ყოფნა გაუჭირდა. სამსახურშიც გავიდა, თუმცა ვერ იმუშავა. სამსახურში ხელი შეუწყვეს და გაუშვეს ცოტა ხნით... მადლობას ვუხდი ათასობით ახალგაზრდას, ვინც შიშველი ხელებით შლიდნენ მიწას და ეძებდნენ ივლიტასა და მარიამს. სანამ არ იპოვეს გვერდიდან არ მოგვშორდნენ. დაკრძალვაზეც უამრავი ხალხი მოვიდა. პატრიარქი მობრძანდა, რაც ყველაზე დიდი მადლია“, - განაცხადა მამა გიორგიმ.
შეგახსენებთ, 13 ივნისის სტიქიას სულ 19 ადამიანი ემსხვერპლა, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი.
წყარო: ჟურნალი "სარკე"
მასალის გამოყენების პირობები






