ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ზუგდიდში „ვლაქერნობის“ დღესასწაულზე მყოფ პრემიერ–მინისტრს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი ესწრება ამ დღესასწაულს.
მეუფემ ირაკლი ღარიბაშვილს დღესასწაულზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მიესალმება მთავრობის მეთაურის სურვილს–შეიწავლოს აფხაზური ენა.
„თქვენ ერთხელ თქვით, რომ აპირებთ შეისწავლოთ აფხაზური ენა. ამან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რადგან აქედან აფხაზეთი სულ რამდენიმე კილომეტრშია,“–აღნიშნა მეუფე გერასიმემ.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი დალოცა და მათ ღვთისმშობლის მფარველობა უსურვა.
„ამ დღის შემდეგ თქვენ იგრძნობთ ღვთისმშობლის დიდ მფარველობას. თქვენი აქ ყოფნა დასტურია იმის, რომ ვართ ერთიანნი. მინდა გითხრათ, რომ ტაძრის შესასვლელში თქვენს სახელზე ქვა დაიდება,“–მიმართა მეუფემ პრემიერ–მინისტრს და მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსის ხატი აჩუქა.
მასალის გამოყენების პირობები






