აღნიშნული განცხადებით საპატრიარქო სამხრეთ ოსეთთან არსებული დეფაქტო საზღვრის ხაზის გადმოწევის ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ განაცხადა, იმისთვის, რომ საქართველომ მსგავსი შეტევებისგან თავი დაიცვას, საერთშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობაა აუცილებელი.
„ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მიტაცების უკვე მერამდენე მცდელობაა. ასეთი ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დიდ შეცდომად და ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობა, რომ საქართველომ შეძლოს, მსგავსი შემოტევებისგან თავი დაიცვას“, - განაცხადა მეუფე ანდრიამ.
მიტროპოლიტმა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრების შესახებაც ისაუბრა და მე-15 საუკუნის თირის ტაძრის უნიკალური ფრესკების ნაწილი დაზიანებაზე და ცხინვალის ღვთისმშობლის ეკლესიად გადაკეთებაზე გააკეთა კომენტარი.
„ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლებისადმი ასეთი დამოკიდებულება ნებისმიერი საზოგადოებისთვის სირცხვილია. რამდენადაც ვიცით, აღნიშნულმა ფაქტებმა ცხინვალის ინტელიგენციაში უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ საშიშროება, რომელიც სხვა ქართულ ტაძრებსაც ემუქრებოდა, რეალობად არ იქცევა“, - აღნიშნა გვაზავამ.
ამასთან, საპატრიარქო „იუნესკოს“ საერთაშორისო ორგანიზაციას დახმარებას სთხოვს, რათა ქართველების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ ეკლესია-მონასტრებზე ზედამხედველობა გასწიონ.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. გარკვეულ მონაკვეთზე, ბაქო-სუფსის მილსადენის ორი მონაკვეთი - დაახლოებით, 1600 მეტრი საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოექცა.
მასალის გამოყენების პირობები






