როგორც აღნიშნულ ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანები, აცხადებენ, შეიძლებოდა ხეები გადამორილიყო და მისი ძირფესვიანად მოჭრა გამართლებული არ არის:
_ძალიან ცუდია, ხომ შეიძლებოდა გადამორილიყო და ისე დაეტოვებინათ, არ მომწონს, მცენარე ასაზრდოებს ადამიანს, უნდა არ უნდოდა ამოეძირკვათ.
_ რა არის ეს, მოაშიშვლეს აქაურობა, ნამდვილად არ არის ეს სასიამოვნო ფაქტი. _ ასწლიანი ხეების მოჭრა იმ შემთხვევაშია გამართლდება, თუ რამე სასარგებლო ხეს დარგავენ, ამას ახლა მოანაგავებენ და არაფერი, თან ჩრდილსაც ქმნიდა, რას უშლიდა ნეტავ, აბა რა გითხრათ, _ აცხადებენ გარე მოვაჭრეები.
_ ჭადრისგულა ქალაქს ეძახდნენ ოზურგეთს. ჭადარი არის ოზურგეთის სიმბოლო და გერბზე გამოსახვის ნაცვლად სასტიკ დევნას განიცდის ოპოზიციასავით. საქართველოში კაცს ხის დარგვით აფასებენ და არა მოჭრით, ბუნების დამცველებისგან ერთი დიდი ნაჯახი ეკუთვნის საჩუქრად.„ ძაღლების მკვლელი“ და „ჭადრი მჭრელი“, ასე შევა ისტორიაში, ქალაქის მერი_ აცხადებს ქალაქის საკრებულოს დეპუტატი თამარ ნადირიძე.
ფაქტს უარყოფითად აფასებს ქალაქის საკრებულოს დეპუტატი ნათია შარაშენიძე და ამბობს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე ვანდალური ფაქტი უკვე დიდი ხანია ხორციელდება, გარემოს დაცვის სამინისტროს კი აღნიშნულით დაინტერესებისკენ მოუწოდებს: _ რეკრეაციული ადგილების განადგურება ქალაქის ტერიტორიაზე დიდი ხანია დაწყებულია და დღემდე გრძელდება. ყოვლად დაუშვებელია ქალაქის დატოვება "ფილტვების" გარეშე, რადგან ეს სხვადასხვა დაავადებების წინაპირობაა, თუმცა ქალაქის ამჟამინდელ ხელისუფალს არაფრად მიაჩნია ქალაქის სილამაზე, ქალაქში მცხოვრებთა ჯანმრთელობა, მას ერთი მიზანი აქვს თუ ამ ქალაქში არ იქნება მისი ბიზნესი ქვა- ქვაზე ნუ დარჩენილა, ბეგლარ სიორიძის პირად ინტერესებს ეწირება ბაზრის ტერიტორიაზე ასწლოვანი ჭადრები. აღმაშფოთებელია ეს ყველაფერი და გასაოცარია, რატომ დუმს ამ ვანდალიზმზე გარემოს დაცვის სამინისტრო და რატომ არ არის დროული რეაგირება".
_ქალაქის მერისგან სხვა მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რადგან ეს ადამიანი ნაცვლად საქმის კეთებისა, დაკავებულია მავნებლობით, უუნარობით, სწორედ ამ მავნებლობის შედეგია ის, რომ ასწლოვან ხეებს ჭრის, რათა თავისი ამბიცია დაიკმაყოფილოს, _ აცხადებს საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე.
გამწვანების განყოფილების უფროსი, ირაკლი გაბედავა „გურიის მოამბესთან“ საუბარში აცხადებს, რომ ხეების მოჭრა პროექტის ფარგლებში ტროტუარებისა სანიაღვრე არხების მოწყობას უკავშირდება, ჭადრის ფესვები მიმდინარე სამუშაოებს ხელს უშლის, დასძენს იმასაც, რომ ხეებს დაზიანებული ფესვები ხშირ შემთხვევაში წყალს გასვლის საშუალებას არ აძლევდა და ამის გამო ბაზრის ტერიტორია არაერთხელ დატბორილა: _ ასწლოვანი კი იყო, მაგრამ, ვიცით, რომ კეთდება არხები, ფესვები აქვს ხეებს დაზიანებული, რომელიც წყლის გატარებას უქმნიდა პრობლემას, ამიტომაც გადავწყვიტეთ სამი ძირი ჭადარი მოვჭრათ, _ აცხადებს გაბედავა .
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძე აცხადებს, რომ ხეებს ფესვები აქვს დაზიანებული, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, დასძენს იმასაც, რომ მოჭრილი ხეების ადგილზე სამომავლოდ დეკორატიული ხეების დარგვა იგეგმება: _ ერთ მაგალითს გეტყვით, ჩემ სამეზობლოში ასწლიანი ხის გადამორვას ვითხოვდი და ნება არ დამრთეს, ამის გამო კი ცუდი შედეგი დადგა, ახალგაზრდა ქალბატონი იმსხვერლა. დაახლოებით 60 წლის ხეებია და მინდა გითხრათ, რომ ცუდ დღეშია, ფესვები აქვს გამომპალი, რამაც შეიძლება აქაც ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს. გარდა ამისა, როცა პროექტი მიმდინარეობს და კეთდება არხები, ფესვთა სისტემა, ნახევრად იქნება მოჭრილი. მესმის, რომ მოსახლეობა ამ აპროტესტებს, მაგრამ, ფაქტია, რომ ადამიანებს საფრთხე ექმნება, როცა დარგვის დრო მოვა, ყველა მოჭრილი ხის აგილზე ახალი, დეკორატიული ხეები დაირგვება, რომ შემდგომში ტროტუარების და გზების ნგრევა არ გამოიწვიოს, _ აცხადებს გაბრიჩიძე.
თეა იოსელიანი - გურია

მასალის გამოყენების პირობები






